ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება დიპლომატიური აკადემიის რექტორი, ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, ზოგი ამბობს, რომ რაც ისრაელში მოხდა, მოულოდნელი იყო. ზოგი კი ამბობს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანა შიდა პოლიტიკურ კინკლაობაში ჩაეფლო, ხელისუფლებამ მოსალოდნელი საგარეო საფრთხეები სათანადოდ არ შეაფასა, „მოსადმაც“ ბევრი შეცდომა დაუშვა და მოსახდენი მოხდა. თქვენ რას იტყვით?
– კი, ისრაელის პრემიერ–მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ოპოზიციას შორის მრავალწლიანი დაპირისპირებაა, მართალი ხარ, კინკლაობაშიც კი გადავიდა ეს დაპირისპირება და ასეთი ურთიერთქიშპი ყველა სახელმწიფოზე ცუდად მოქმედებს. „მოსადმა“ შეცდომები დაუშვა და ამას თავად ისრაელის სახელმწიფო აღიარებს. აი, რაც შეეხება იმას, რომ ისრაელმა საგარეო საფრთხეები ვერ შეაფასა სათანადოდ, ამას ვერ დავეთამხმები. მათ ეს საფრთხეები შეფასებული აქვთ და მათ მოსაგერიებლად მზად იყვნენ და დღესაც მზად არიან. „ჰამასისგან“ ისრაელი თავდასხმას ყოველთვის მოელოდა, სარაკეტო იერიში იქნებოდა ეს თუ სხვა. 7 ოქტომბერს სხვა რამ მოხდა. „ჰამასმა“ სამი მხრიდან დაარტყა ისრაელს – მიწიდან, ციდან და ზღვიდან. განახორციელა ეფექტური საჰაერო იერიში, რის წინააღმდეგაც სახელგანთქმული საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათიც“ უძლური აღმოჩნდა. „ჰამასის“ მხრიდან ამას არ მოელოდა ისრაელი, არც ღაზაში, ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი მებრძოლების შეჭრას. ფაქტია, ამ ყველფერს მარტო ვერ განახორციელებდა „ჰამასი“. მას ეხმარებოდა ირანი. ამ ქვეყნის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ეს სპეცოპერაცია, „ჰამასს“ მისცეს იარაღი და სხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობა და მათ მიერ გაწვრთნილმა ტერორისტებმა განახორციელეს. ირანის სპეცსამსახურებმა მოუგეს ბრძოლა ისრაელს და არა „ჰამასმა“ ან პალესტინამ. „მოსადი“ ჩავარდა, ეს ფაქტია. მთელი წელი მზადდებოდა ეს სპეცოპერაცია და გამოეპარათ. თუმცა, თუ „მოსადი“ ჩავარდა, აქ უკვე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საკითხი დგება, მათი დანიშნულია ამ სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა. „მოსადის“ გარდა, ჩავარდა ისრაელის სამხედრო დაზვერვა „ამანი“. აქ უკვე პრობლემების ერთობლიობამ იჩინა თავი, ერთი მეორეს მიება, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა. შესაბამისი ტრაგიკული შედეგიც სახეზეა. თუმცა, ეს მაინც ერთი კონკრეტული შემთხვევა იყო. ისრაელ–პალესტინის ურთიერთობაში მოულოდნელი არაფერია, მოულოდნელი შეიძლება იყოს მათი დამეგობრება. რაც თავი მახსოვს, სულ ომობენ. 1993 წელს, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ლიდერმა, იასირ არაფატმა და ისრაელის პრემიერ–მინისტრმა, იცხაკ რაბინმა, ოსლოში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის თანახმდაც შეიქმნა პალესტინის ავტონომია, რომელმაც კონტროლი დაამყარა ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. 5 წელიწადში იგეგმებოდა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირება, მაგრამ მერე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და პალესტინამ ისევ დაიწყო ტერორისტული და საბრძოლო მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ. სხვათაშორის, იცხაკ რაბინს, ისირ არაფატსა და შიმონ პერესს ამ შეთამხმების გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვთ მიღებული 1994 წელს. შიმონ პერესი მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ის გახლდათ ამ სამშვიდობო გეგმის ავტორი და მოლაპარაკებებშიც აქტიურად მონაწილეობდა, მერე კი პრემიერი გახდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღიდან, როდესაც ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა ჩამოვარდა რამდენიმე წლით. აი, ეს იყო სენსაცია და მოულოდნელობა, დანარჩენი სულ ომები და ტერაქტებია პალესტინის მხრიდან. მოკლედ, ჩემთვის მოულოდნელი ბევრი არაფერი იყო, გარდა გარკვეული დეტალებისა. აქვე ვიტყვი, „ჰამასის“ საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს, ბავშვების, ქალების ხოცვა, ტყვედ აყვანა და მათით ვაჭრობა, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურება ბარბაროსობაა, სხვა არაფერი. ზოგადად, ტერორიზმს როგორ შეიძლება გამართლება ჰქონდეს? რატომღაც ეს ტაბუირებული თემაა – ჩვენ მიეჩვიეთ იმას, რომ ყველა ომს იწყებენ არაბები და იგებენ ებრაელები. ებრაელები ყველა ომში გამოდიან მსხვერპლნი, მაგრამ ბოლოს აფართოებენ თავიანთ ტერიტორიებს.
– ეს კონფლიქტი ოდესმე დარულდება?
– არა მგონია, ვერ ვხედავ ამის პერპექტივას. ისრაელის პრემიერ–მინისტრმა, გოლდა მეირმა თავის დროზე განაცხადა და ეს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დაწერა: „…ჩვენ გვექნება მშვიდობა არაბებთან, როცა მათ საკუთარი შვილები ისე ძლიერ ეყვარებათ, როგორც ჩვენ ვძულვართ”. მართლა, ეს ხომ არაბუნებრივია, არანორმალურია, რომ სხვა იმაზე მეტად გძულდეს, ვიდრე შენი შვილი გიყვარდეს. არადა, ასეა პალესტინაში, ამ სიძულვილმა მიიყვანა საქმე აქამდე. შორს წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, თუ რატომ სძულთ არაბებს ასე ძალიან ებრაელები. რაც მოხდა, ეს საშინელება იყო. საინტერესოა, რა მოხდება ამის მერე. კი, ისრაელი დაიწყებს სრულმაშტაბიან ომს პალესტინასთან და ეს იქნება „ჰამასის“ განადგურების ოპერაცია, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამით დასრულდება ეს პრობლემა? პალესტინაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი 60% 16 წლამდე ბავშვები არიან, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 25 წელია. ე.ი. მილიონზე მეტი ბავშვია პალესტინაში. ამ ბავშვებისთვის ისრაელის მიმართ სუძულვილის გაღვივება და მერე მათი ტერორისტებად გადაქცევა, რთული არ არის. ამაზე აქტიურად მუშაობს „ჰამასი“. კარგი, „ჰამასი“ გაანადგურეს, მაგრამ მის ნაცვლად სხვა ტერორისტული ორგანიზაცია შეიქმნება, პალესტინაში ამის რესურსი არის.“ალ–ქაიდაც“ გაანადგურეს, მაგრამ მასზე ნაკლები უბედურება იყო „ისლამური სახელმწიფო“? მერე ისიც გაანადგურეს, ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც და „ჰეზბოლა“ რომელიმეზე ნაკლები უბედურებაა? არაბულ სამყაროში ექსტრემისტულ და ტერორისტულს ორგანიზაციებს დაფინანსება არასდროს მოაკლდებათ, მით უმეტეს პალესტინაში, რომელსაც ისრაელთან დაპირისპირებული არაბული სახელმწიფობი და ირანი, ეფექტურად იყენებენ მის წინააღმდეგ. მერე, არაბული სამყარო ას მილიონიანია და ტერორისტულ ორგანიზაციებს იქიდან აქვთ შევსება. ყველაფერს თავი დავანებოთ, სხვა და სხვა დროს, ომს და სიღატაკეს გაქცეული 17 მილიონი პალესტინელია არაბულ ქვეყნებში. აქედან ბევრია ბოლო წლებში წასული, ახლგაზრდა და მათი ნაწილი უარს არ იტყვის ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ბრძოლაზე. ისე, პალესტინელი ერი არ არსებობს, პალესტინაში არაბები ცხოვრობენ. რაც პალესტინის ავტონომია შეიქმნა, მას მერე 80 ტრილიონი დოლარია შესული სხვა და სხვა ქვეყნებიდან და აქ ჰუმანიტარული დახმარება არ შედის. ამ ფულით ამქვეყნიური სამოთხე აშენდებოდა პალასტინაში, მაგრამ მთელი ეს ფული მოხმარდა ტერორისტული ორგანიზაციების შექმნას, ტერორისტებისა და ჯარისკაცების გაწვრთნას, იარაღის შეძენას, ტერაქტების დაგეგმა–მოწყობას, ხალხში ებრაელების სიძულვილის დათესვას და ბევრს სხვას. ამ დროს პალესტინა დაქცეული ქვეყანაა, უღარიბესი, ხალხი მიწურებში ცხოვრობს, ღაზას არაბულ დასახლებას წყალს, ელექტროენერგიასა და გაზს ისრაელი აწვდის. ცხადია, მათი მიწოდება შეუწყვიტა ახლა ისრაელმა. მოკლედ, კარგია ტერორისტული ორგანიზაციების განადგურება, მაგრამ მერე ერთის ნაცვლად ორი იქმნება და ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება. ისრაელმა თუ მოსპო „ჰამასი“, „ჰეზბოლაც“ ზედ რომ მოაყოლოს, ეს მხოლოდ დროებით მშვიდობას მოუტანს ამ ქვეყანას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გაუსწორონ ებრაელებმა. მშვიდობა მაშინ დამყარდება, როდესაც ღაზაზე უარს იტყვის ისრაელი ან პალესტინა, ეს კი არასდროს მოხდება. ეს არის რთული, გადაუჭრელი პრობლემა. ამ ეტაპზე ასეა და მომავალში ვნახოთ, რა იქნება.
– გამოდის სულ უნდა იომონ?
– ვიდრე პალესტინელებში არ აღმოიფხვრება ებრაელების მიმართ სიძულვილი და და პალესტინელებს არ მიეცემათ ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფოს შექმნა, ნორმალური ცხოვრების საშუალება. ეს თუ მოხდა, მერე უკვე გამოსავლის მოძებნაც მოხერხდება, როდესაც ორივე მხრიდან პოლიტიკოსები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. სოციოლოგები სწავლობენ, თუ რამ გამოიწვია პალესტინელთა ესოდენ დიდი სიძულვილი ებრაელთა მიმართ. დაასკვნეს, რომ მთელი ეს 75 წელია, როგორც ლიმონი, ისე გამოწურეს პალენტინელებში ყველა ადამიანური თვისება–სიყვარული, შეცოდება, მიტევება, სიკეთე, სიბრალული… ეს ყველაფერი მათვის უცხოა. ვინ გამოწურა? იმ სიძულვილის იდეოლოგიამ, რასაც მათში ბავშვობიდან აღვივებენ ჯიჰადისტები, ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისრაელის სახელმწიფოს ადგილი არ არის იქ, სადაც დღეს არსებობს. 6–7 წლის წინ პატარა პალესტინელი ბიჭები „რაგატკას“ რომ ესროდნენ ებრაელ ჯარისკაცებს, დღეს ისინი ესვრიან ავტომატს. ევროპელი ლიბერალები უკვე აპროტესტებენ ისრაელის ჯარების სრულმასშტაბიან ოპერციას პალესტინაში. ამბობენ, რომ ეს არის შურისძიება 7 ოქტომბერს მომხდარზე და პალესტინაშიც დაიღუპებიან ბავშვები და უდანაშაულო ადამიანები, ეს კი პრობლემას ვერ მოგვარებს. კი, ასეა, ეს არის შურისძიება და შურისძიებით პრობლემა ვერ მოგვარდება. მეორეს მხრივ, ებრაელებმაც რა ქნან? ეს მიწაა მათი სამშობლო, 20 საუკუნე იყო ერი მიწის გარეშე, გაერო–ს გადაწყვეტილებით პალესტინის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო–არაბულ და ებრაულ ნაწილებად. არაბები მაშინვე წინააღმდეგნი იყვნენ ამისა. მერე ისრაელის პირველმა პრემიერ–მინისტრმა, დევიდ ბენ გურიონმა გამოაცხადა ისრაელის დამოუკიდებლობა და მეორე დღესვე, პალესტინამ ომი დაუწყო ისრაელს. ბენ გურიონის ხელმძღვანელობით, 1948–1949 წლებში ისრაელმა მოიგო ის ომი, რომელიც „დამოუკიდებლობის ომის“ სახელითაა შესული ისტორიაში, ისრაელმა პალესტინის კუთვნილი მიწები წაიღო. წარმოიდგინე, სახელმწიფოს შექმნის, დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღიდან, ომშია ისრაელის სახელმწიფო. იმ პერიოდიდან გაჩნდნენ პირველი პალესტინელი დევნილები, იმ პირველი სისხლის მერე ომი აღარ გაჩერებულა ისრაელსა და პალესტინას შორის. მე ორჯერ მაქვს ნანახი სინას უდაბნოში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები, კარვების ქალაქები. იქ გაზრდილი ბავშვის ფსიქიკა ვერ იქნებოდა ნორმალური და არც დღეს ცხოვრობენ ბევრად უკეთეს ყოფაში. მეოთხე–მეხუთე თაობაა უკვე, ამ დღეში არიან. ისე, სიმართლე ვთქვათ, ბენ გურიონმა იჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1948 წლის 15 მაისს გამოაცხადა და ეს გაერო–ს აგვისტოში ჰქონდა დაგეგმილი და მანამდე ბევრი სამუშაოები იყო ჩასატარებელი. გარდა მაგისა, რაც ორი სახელმწიფოს შესაქმნელად ტერიტორია იყო გამოყოფილი, ის შუაზე კი არ გაყვეს, იმის 55% ისრაელს მისცა გაერო–მ და შეიძლება ითქვას, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხდებამდე უკვე კონფლიქტის კერა იყო ეს ტერიტორია, სახელმწიფოს შექმნამდე ჩაიდო იქ ნაღმი. 1948–1949 წლის ომი ვახსენე და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც მინდა აღვნიშნო. ამ ომში ისრაელმა გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის დახმარებით, მარტო ის აწვდიდა იარაღს. გერმანიიდან რაც ალაფად წამოიღო, იმ იარაღის ნაწილს აწვდიდა ჩეხოსლოვაკიიდან. ინგლისი არაბებისკენ უფრო იყო გადახრილი, ამერიკამ კი ემბარგო გამოაცხადა. ამ კონფლიქტის ისტორიას რომ გადახედო, ბევრი საინტერესო დეტალია, ხან ერთი მხარეა მართალი, ხან – მეორე. თუმცა, ორ რამეს ვერ გავექცევით – არც ერთი ომი ისრაელს არ დაუწყია, ყველას პალესტინა ან სხვა არაბული ქვეყნები იწყებდნენ და ამ მრავალწლიან ბრძოლაში, ისრაელს ტერორიზმისთვის არასდროს მიუმართავს, ტერორისტული მეთოდებით ისრაელს მუდამ არაბები ებრძოდნენ და ებრძვიან.
– ირანი ღიად ჩაერთვება ამ ომში?
– ძნელი სათქმელია, ირანი, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან, ნელ–ნელა გამოდის ჩრდილიდან, გააქტიურდა. აგერ, ახლა დაეხმარა „ჰამასს“, იარაღიც მისცა, ხალხიც გაუწვრთნა და ეს ოპერციაც ირანის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. მე მაინც ვფიქრობ, ვერ გაბედავს, რომ ისრაელს დაარტყას. იცის, ამის პასუხად ამერიკა ყველა სამხედრო ობიექტს გაუნადგურებს, იქ კიდევ სამხედრო მოსამსახურეები დაეხოცება. ისრაელს დაიცავს ამერიკა, ეს ჯო ბაიდენმაც და ენტონი ბლინკენმაც ღიად განაცხადეს. სირია, ლიბანი, ერაყი ჩაერთვებიან, ეს არ გამიკვირდება, მაგათ ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და წლებია, ისედაც ომში არიან, ირანს კი შიდა პრობლემებიც აქვს, ომში ჩართვას შიდა არეულობა თუ მოჰყვა, შეიძლება რეჟიმი დაამხოს ოპოზიციამ. მოკლედ, მყიფე ვითარებაა ირანში და არა მგონია, გარისკონ. მაქსიმუმ, იარაღი მოაწოდონ, ესეც თუ მოახერხეს.
– ვინ დარჩება ამ ომით მოგებული, რუსეთი? ევროპისა და ამერიკის რესურსები უკრაინასა და ისრაელზე გადანაწილდება, უკრაინას ბევრი მოაკლდება, რაც რუსეთს ომის მოგებას გაუიოლებს?
– არა, ამაზე ტყუილად ოცნებობს რუსეთი. ევროპისთვის დღეს გაცილებით დიდი საფრთხეა რუსეთი, ვიდრე „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ერთად. ასე თუ ისე, ისრაელი მოუგრეხს კისერს „ჰამასს“, ირანს ამერიკა გაჩერებს და ევროპა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ევროპამ იცის, თუ უკრაინა დაეცა, მერე ევროპის ქვეყნებს მიდგება რუსეთი და ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად.
კომენტარები