„ალიას“ ესაუბრება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.
– ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს პრემიერობის კანდიდატად და ეჭვი არავის ეპარება, რომ პარლამენტი მას პრემიერ–მინისტრად დაამტკიცებს. რა მოხდა? რატომ დააბრუნეს ღარიბაშვილი? თან ასე სწრაფად – გახარიას გადადგომიდან მეორე დღესვე წარადგინა მისი კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“. რა მოხდა?
– პირდაპირ შემიძლია „ალიას“ საშუალებით მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს. გაანებოს თავი ჩემს მეგობრებს. ძალიან ცოტა მეგობარი დამრჩა და მინდა, მეგობრებად დავრჩეთ. არ გაჭრის ჩემთან ზარები, რომ აი, ირაკლი ახლა დაინიშნა და ეცადე, არ გააკრიტიკო, თავი შეიკავეო. არადა, დღე ერთია და ასეთი ზარი რამდენიმეა. ეს მიმაჩნია ძალიან შეურაცხმყოფელად. სამშობლო მაქვს ერთი და ღარიბაშვილისნაირი პერსონები არიან ბევრნი. ღარიბაშვილი ჯერ შს მინისტრი იყო, მერე პრემიერი, მერე თავდაცვის მინისტრი და ამ პოსტებზე ყოფნისას ვერაფერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა სოხაძე–ჩიქოვანის სახეა. ლელა სოხაძე–ჩიქოვანი ამდენი ხანია თავდაცვის სამინისტროშია, მისმა შვილმა, რომელიც სუს–ში მუშაობს, 4 ბინა იყიდა ვაკეში, საბურთალოზე და სხვა პრესტიჟულ უბნებში. მაპატიეთ და, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიცვას ლელა ჩიქოვანის კაბა და იაროს ისე. ბაჩო ახალაიას ყავის მომდუღებელი ლელა ჩიქოვანი ადგენს თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკურ დღის წესრიგს. ლელა ჩიქოვანის სიძე, ჯაბა პერანიძე თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მისი დაც იქ მუშაობს და მისი დის შვილის ნათლია, ვახტანგ მელაძე თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის ადმინისტრაციის უფროსია. ლელა ჩიქოვანის შვილმა 18 წლისამ დაიწყო ძალოვანი კარიერა – შს სამინისტროში. მერე, ირაკლი სესიაშვილმა გადაიყვანა სუს–ში, მისი შვილიც ხომ სუს–ის ანალიტიკური განყოფილების უფროსია და ისიც ბავშვი იყო, სუს–ში მუშაობა რომ დაიწყო. ოფიციალურ ბრალდებას ვდებ და თუ ამ ადამიანებს რამეში ხელი არ აქვთ გასვრილი, გაბედონ და „ალიას“ მეშვეობით დამელაპარაკონ. ჯაბა პერნიძე იყო ადამიანი, რომელიც ჯარისკაცებში აგროვებდა ფულს და მიჰქონდა ლელა ჩიქოვანთან. ეს იყო ფარული სქემა, რითიც მდიდრდებოდა ლელა ჩიქოვანი და მერე მისი შვილის სახელით, წარუმატებელი ქვეყნის 18 წლის მოქალაქე ყიდულობდა თითო წელიწადში თითო ბინას – 4 ბინას 4 წელიწადში. ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მართლა იმედი მქონდა მისი, მეგონა, მოაგვარებდა იმ პრობლემებს, რაც სამინისტროში იყო, დასჯიდა სამინისტროში თავმოყრილ დამნაშვეებს. ღია წერილითაც მივმართე, სიტყვითაც მივმართე, მაგრამ ამ ადამიანთან არ გასჭრა ამგვარმა მიდგომამ. მას უნდა ვიყო ჩუმად, ხელი არ შევუშალო, რომ შეიცვალოს პოლიტიკური თანამდებობები. თავდაცვის სამინისტრო არის დაქცეული, სადაც სამხედრო მეთაურობა, მათდამი დაქვემდებარებულებს პირადი ინტერესებისთვის ამუშავებს. შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე იყო ასეთი შემთხვევა. ახალგაზრდა დაიღუპა, ერთ–ერთი მეთაურის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, დაღუპულის ოჯახს ფული შეუგროვეს ბაზაზე და ამ მეთაურმა ჩაიდო ჯიბეში. ირაკლი ღარიბაშვილს ამის შესახებ არაფერი ეცოდინება, ცხადია, როგორც თინა ხიდაშელმა არ იცოდა, როდესაც მისი მინისტრობისას, იმავე ბაზაზე ბავშვები აწამეს. ორჯერ აღიძრა ამ ფაქტზე საქმე და ხიდაშელს კრინტი არ დაუძრავს. ვითომ თინა ხიდაშელს ებრძოდა ღარიბაშვილი. მინისტრად მივიდა თავდაცვის სამინისტროში და მისი დანაშაულის ერთი კვალი ვერ ნახა. რა ვერ ნახა? მე მივაწოდე ინფორმაცია ხიდაშელზეც, სხვა მაღალჩინოსნებზეც, ფულს რომ აპროცენტებდნენ ოფიცრები ჯარისკაცებზე სამხედრო ნაწილებში, უცხოურ მისიაში ვისაც წასვლა სურდა, მათ ფულს რომ სძალავდნენ, სხვა დანაშაულებების შესახებაც მივაწოდე ინფორმაცია, ლევან იზორიას და მისი გუნდის კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. კონკრეტული გვარ–სახელებით დავუსახელე ეს დამნაშავე პირები, მაგრამ ერთი არ დაუსჯია. არათუ პროკურატურას არ გადასცა ეს საქმეები, სამინისტროს გენინსპექციასაც კი არ დაავალა ამ ფაქტების მოკვლევა. მეტიც, ზოგიერთი მათგანი დააწინაურა. საკუთარი და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის პირადი მტრების გამოვლენასა და მათ დევნაში გაატარა თავდაცვის მინისტრობის პერიოდი. „ალია“ ამ თემაზე უამრავი ინეტრვიუ მაქვს მოცემული… ამის მერე რატომ უნდა ვენდო ხელმეორედ გაპრემიერებულ ღარიბაშვილს? ფიქტიურად ეომებოდა თინა ხიდაშელს და მისი მინისტრობის დროს შეიარაღებულ ძალებში ჩადენილ ყველა დანაშაულს წაუყრუა. ღარიბაშვილის მისი ხელისბიჭებით, ვითომ სოროსს ებრძოდა და მერე ფულს სთხოვდა სოროსს, რომ ჯიბეში ჩაედო. ეს არის ჩემს თვალში ირაკლი ღარიბაშვილი. კიდევ ერთხელ ვთხოვ საჯაროდ, გაანებოს თავი ჩემს მეგობრებს. მე არ ვარ კაცი, რომელიც მეგობრების, ცოლის მეგობრების, ბიძაშვილების, ძმის და მამიდაშვილების თხოვნით პოლიტიკურ ხედვებს იცვლის. წესით, პატივცემულ უშიშროებაში, ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი კარგად უნდა ჰქონდეთ შესწავლილი, უნდა იცოდნენ, ვინ ვარ და ამის თქმა არც უნდა მიწევდეს.
– თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი და მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ბანკირია. ვიცით, რომ ნახევარი ცხოვრება სხვა და სხვა ბანკში და მეორე ნახევარი მუნიციპალური განვითარების ფონდში აქვს ნამუშევარი. შეიარაღებულ ძალებთან შეხება არ ჰქონია და როგორ მოხვდა თავდაცვის სამინისტროში?
– ირაკლი ღარიბაშვილმა მიიყვანა მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე. 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრი გახდა ღარიბაშვილი და იმავე თვეში დაინიშნა პირველ მოადგილედ ბურჭულაძე. რამდენადაც ვიცი, 8 შვილი ჰყავს ბურჭულაძეს, ყველა კარგად უმყოფოს ღმერთმა და იყოს სუპერ – ძიძა სახლში, რაღა თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაზარდოს მისი შვილები? მაგ ბურჭულაძეს ვეკითხები, ჯარში თუ არის ნაყოფი ან მისი შვილებიდან რომელიმე თუ მსახურობდა ჯარში? ჩემთვის ჯუანშერ ბურჭულაძე არაფერია, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი ხელის ბიჭი. ბურჭულაძე არის ღარიბაშვილის „შავი ხვრელი“ თავდაცვის სამინისტროში, ფულის კეთების სქემის ერთ–ერთი ფიგურა.
– შენი რამდენიმე პოსტი წავიკითხე „ფეისბუკზე“, სადაც ამბობ, რომ თავდაცვის სამინისტროში არსებული თურქეთის დაზვერვის აგენტურა გებრძვის. უფრო დეტალურად ხომ ვერ მეტყვი ამის შესახებ და როგორ აღმოჩნდა თურქეთის დაზვერვა თავდაცვის სამინისტროში? ცხადია, თუ ეს მართალია.
– ცხადია, მართალია და, მხოლოდ მრავალგზის გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვასაჯაროებ სოციალური მედიით თუ ტრადიციულით. საიდან აღმოჩნდა და გაიხსენე, ვინ დანიშნა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი პრემიერობისას დაინიშნა. არ დამიწყოს ვინმემ ლაპარაკი, რომ ღარიბაშვილი ხიდაშელს ვერ იტანს. ესენი ყველანი ერთმანეთთან არიან ჩახუტებულები. ვერ გაიყვეს ფული საკუთარი კლანებისთვის, თუ რაიმე უთანხმოება იყო მათ შორის, მხოლოდ ამის საფუძველზე. თინა ხიდაშელს პირდაპირ აქვს მიყიდული სული თურქეთის სადაზვერვო სამსახურისთვის. დღეს იძახის რომ თურქეთია ერთადერთი გზა საქართველოში სადღაც უტოპიური ნატო–სკენ. ნატო–ში შესვლის არანაირი პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია თავისი სამხედრო პოტენციალით. ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალი არ არსებობს. ეს არის მხოლოდ გაძლიერებული მორიგე ქვედანაყოფი აღჭურვილი ქვეითი და ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღებით, რომელსაც იყენებენ ერაყში უცხო ქვეყნის ინტერესების შესასრულებლად. მათ შორის, არის გერმანია და ამერიკა. მხოლოდ ამისთვის ჰყავს საქართველოს შეიარაღებული ძალები. ქართული არმიის უმთავრესი კონსტიტუციური ამოცანაა, რომ დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო რისკები, ამ ამოცანებს კი ვერ ასრულებს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები პოლიტიზირებულია და თუ დასჭირდათ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც გამოიყენებენ. თუ ერთ–ორ ადამიანს ღირსება და სამხედრო სულიკვეთება შერჩა, იმათაც მოძებნიან და გამოუშვებენ თავდაცვის სამინისტროდან. ზოგადად, ამიტომაც არის, რომ 2008 წლის ომის მონაწილეები მაქსიმალურად გამოხშირეს თავდაცვის სამინისტროდანაც და სხვა ძალოვანი უწყებებიდანაც, რადგან ამ მებრძოლებმა ბევრი რამ ნახეს, მათ შორის, საკუთარი ხელმძღვანელობის ლაჩრობა და დანაშაულებრივი ქმედებები.
აქვე ვიტყვი, რის გამო დამიპირისპირდა თინა ხიდაშელი. ბევრი თემა იყო. ერთ–ერთი სამხედრო ნაწილებში მეჩეთების გახსნას დავუპირისპირდი, რასაც მინისტრი ხიდაშელი აკეთებდა. რამდენიმე ნაწილში გახსნა კიდეც. 2016 წელს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წინააღმდეგ ამხელა ძალები ერთობლივად მოქმედებდნენ –თინა ხიდაშელი, ირაკლი შაიშმელაშვილი, გიორგი მოლოდინი, გიორგი თავდგირიძე, სერგო ძაგნიძე, რომელიც სამხედრო პოლიციის უფროსი იყო მაშინ და დავით უსუფაშვილის კურსელია, ასევე, გიორგი შაიშმელაშვილი.
– დათო, საფრანგეთში კიდევ გრძელდება შენს მიმართ საქართველოს საგარეო დაზვერვის აქტიურობა?
– კი, კიდევ გრძელდება. ეს ამბავი დაიწყო დავით სუჯაშვილმა,რომელიც საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი და ამჟამად ღარიბაშვილის მოადგილეა. ეს აქტიურობა დაიწყო ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში და კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ფრანგ სამართალდამცავებს საქმის კურსში ვაყენებ.
– დათო, შარშან, 4 აგვისტოს, „ალიაში“ გამოვაქვეყნე სტატია, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით. წყარო აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, აპირებდნენ შენზე უკანა რიცხვით საქმის აღძვრას, თითქოს, რაღაც დანაშაული მაშინ ჩაიდინე, როდესაც საქართველოში იყავი და ამის საფუძველზე, საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვდნენ შენს საქართველოში ექსტრადირებას. წყარომ მითხრა ისიც, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ საფრანგეთში მოუწყოს ნემსაძეს პროვოკაცია, თუკი მას მიაგნო, იძულებული გახადონ კანონი დაარღვიოს და პრობლემები შეუქმნან პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაშიო. წყარო შენს შესაძლო ლიკვიდაციაზეც მესაუბრა. თუ გადაამოწმე ეს ინფორმაცია?
– კი, გადავამოწმე და დადასტურდა. ხომ ხედავ რა ხდება ქართულ ციხეებში? არაფრის გამო იხოცება ხალხი. მათი გეგმა რომ განხორციელებულიყო. მე რომ ჩავეგდე მაგათ ხელში, ჩემი ექსტრადირება რომ მომხდარიყო, ციხეში წამებით ამომხდიდნენ სულს, იმდენი მაღალჩინოსანი და მათთან დაახლოებული პირები ვამხილე მძიმე დანაშაულებებში. მარტო ბავშვთა წამების ფაქტის გამო, ათამდე ყოფილ და მოქმედ დიდმოხელეს ელის ციხე. მაგათ ბავშვები აწამეს და მე დამინდობდნენ? მადლობა მინდა გადავუხადო იმ პიროვნებას, ვინც შენ ეს ინფორმაცია მოგაწოდა, ძალიან დიდი რისკის ფასად. გარეთ ხოცავენ ხალხს და ციხეში არ მოკლავენ? იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩემთვის, დემოკრატიულ ქვეყანაში არაკანონიერი პრობლემების შექმნით, მინდა ვუთხრა: ნუ სვრიან საქართველოს სახელმწიფოს სახელს ლაფში. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მათ კრიმინალურ ქმედებებს დაერქმევა თავისი სახელი. ეს არ არის სახელმწიფო, სადაც რომელიმე მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი მიჰქარავს და ამის გამომჟღავნების, გასაჯაროების, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ის ვერ გააგრძელებს ძველებურად ცხოვრებას და ვერ დარჩება პოსტზე, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ. მე მივმართავ იმ მხარესაც, რომლებიც ამ სტატიას გაეცნობიან. ნუ დაუახლოვდებიან სამართალსა და კრიმინალს მაგათი მოთხოვნების დონეზე. ძალიან კარგად ვიცი, საფრანგეთში როგორ მივაკითხო არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რისი სურვილიც არ მაქვს ამ ეტაპზე. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ერთხელ მაინც შევნიშნავ საქართველოს ხელისუფლების ბინძურ და უკანონო ქმედებებს ჩემს წინააღმდეგ, მე გამოვიყენებ ევროპული დემოკრატიის უძლიერეს ბერკეტს და მოვახდენ ფრანგული საზოგადოების თვალში, ფრანგულ ენაზე მათ სრულ ლუსტრაციას, თუ როგორ ახდენენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკური დევნილის შევიწროებას საფრანგეთის ტერიტორიაზე. დამანებონ თავი და ნუ ახდენენ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო რესურსის გამოყენებით იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო. თუ აქამდე ამ საშუალებისთვის არ მიმიმართავს, მხოლოდ იმიტომ, ხელისუფლებაზე ვარ გაბრაზებული და არანაირი უფლება არ მაქვს, საკუთარ სამშობლოზე გავბრაზდე. დაეტიონ თავიანთ კანში და დამანებონ თავი.
ბოლოს ვიტყვი, რომ არ შევწყვეტ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. ორჯერ დავდე ფიცი, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გასაჭირში დავიცვა. ერთხელ, როგორც რიგითმა და მეორედ, ოფიცრის რანგში. ვიდრე პირში სული მიდგას, ამ ფიცს არ გავტეხ. მალე მოხდება ეროვნული ძალების გაერთიანება, რომლის რიგებშიც საკუთარ თავსაც მოვიაზრებ და ერთი კაცის დიქტატურა დასრულდება საქართველოში.
დავით ნემსაძის ინტერვიუში ნახსენებ პირებს თუ პრეტენზიები გაუჩნდებათ, დაგვიკავშირდნენ და მათ პოზიციას დავაფიქსირებთ „ალიაში“.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები