სისხლიანი გარჩევა რუსთავში – მოკლულია მამაკაცი და დაჭრილია კიდევ ერთი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, გარდაიცვალა, დაჭრილი მეორე პირი კი კლინიკა “რუსთავშია” გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
სისხლიანი გარჩევა რუსთავში გამთენიისას მოხდა.
პოლიციამ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები