“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
თსუს და ტექნიკურს ვაერთიანებთო და სინამდვილეში, ტექნიკურს აუქმებენ.
რანაირად გადაწყვიტეს ეს ბოდვა, შემიძლია იმ ამბების გაერთიანებით მოგიყვეთ, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან მივიღე. ვერცერთის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, ცხადია, მაგრამ შორიდანაც ასე ჩანდა.
1. ილიას უნივერსიტეტის განადგურება გადაწყვიტეს და როგორ მოვახერხოთ, კანონიერად რომ ჩანდესო.
2. კობახიძეს (რადგან ძალიან ცუდად იცნობს უნივერსიტეტებს) აზრად მოუვიდა “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”: თსუს სამართალი-საბუნებისმეტყველო-ეკონომიკა დარჩება, ტექნიკურს – ტექნოლოგია და ინჟინერიაო, ილიაუნის მოუწევს ყველაფრის დათმობა, გარდა პედაგოგიკის და უცხო ენებისო. სოხუმის უნივერსიტეტი ისედაც გვკიდია, აფხაზეთის თემა ისედაც უნდა დავხუროთ მალეო. შესაბამისად, ილიაუნი პროგრამების 70%-ს დაკარგავს, პროფესორებსაც დაკარგავს და არანაირი პროტესტის თავი არ ექნებაო.
3. ამ დროს თსუს აქვს აბეტ-აკრედიტებული კომპიუტერული მეცნიერება და ათასწლეულის კორპორაციის მიერ ნაჩუქარი 2 მილიონიანი საინჟინრო ლაბორატორიები (ილიაუნისაც იგივე საინჟინრო ლაბორატორიები აჩუქეს, სხვათა შორის). ტექნიკურს კი აქვს ბიზნესიც და სამართალიც -კაი მოზრდილი ჯგუფი, თავისი კვლევითი ცენტრით და სამეცნიერო ჟურნალით. ორივეს ჰყავს ფიზიკოსები, რომლებიც ცერნთან თანამშრომლობენ. კიდევ რამდენიმე ერთნაირი პროგრამა აქვთ – ატყდა გაწევ-გამოწევა ამათ შორის და აგერ 2 თვეა, ისეთი ჭიდაობა მიდის, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა, ვის რა პროგრამა რჩება, რომ აბიტურიენტების ცნობარი გამოქვეყნდეს. ამბობენ, მარტამდე ვერც გამოვაო.
4. ცალკე დადგა საუნივერსიტეტო რეიტინგების საკითხი: ამჟამად საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოდან ჩანს ილიაუნი და თსუ (მე რაც მინახავს, ილიაუნი უფრო ხშირად უსწრებს), იშვიათად – ტექნიკური. თუ ილიაუნის მთავარი მიღწევების პროგრამებს და კვლევებს ჩამოაშორებენ, ხოლო თსუს – ნაწილს ჩამოაჭრიან, ორივეს რეიტინგი დაიწევს და იმ პოზიციებზე ვერ მოხვდებიან, რომ სადმე გამოჩნდნენ (მსოფლიოს ათას უნივერსიტეტში, მაგალითად). ეს დაარტყამს ზოგადად საქართველოს უმაღლეს განათლებას, იმიტომ რომ ქვეყანაში ერთი უნივერსიტეტის რეიტინგი სხვა უნივერსიტეტების სახელზეც მოქმედებს.
5. მიადგა კობახიძეს მიქანაძე: ახ, ამ რეიტინგებზე რომ არ გვიფიქრია, რა ვქნათო? მომავალ წელს უკვე რომ დავარდება თსუს რეიტინგი და ამას ცხვირზე აგვაფარებენ, ცუდია ჩვენთვისო. იქეთ კიდე თსუს და ტექნიკურის ინჟინრებმა დახოცეს ერთმანეთიო. კობახიძემ იფიქრა და რა პრობლემაა, გავაერთიანოთ ეს ორი უნივერსიტეტი და მიემატება რეიტინგიო. მიქანაძეს ძლივს შეუბედავს: – როგორ, ჯავახიშვილის სახელი რომ დავკარგოთ, ხომ გადაირია ხალხიო. ჰოდა, თსუ დავტოვოთ და ტექნიკური მიუერთეთ იქეთო – მიიღო პასუხად.
6. აბიტურიენტები და პროფესორები უკვე შფოთავენო, კობახიძეს უთხრეს. ჰოდა, წელს ნუ გავაუქმებთ ადგილებს და მერე ნელ-ნელა შემცირდებაო. მიჩვეულია ქართველი ხალხი ცოტ-ცოტათი ხარშვას და ამასაც გადაიტანენო.
აი ასე გადაწყვიტეს – ორ უზარმაზარ უნივერსიტეტს ასე ხელოვნურად მიაწებებენ ერთმანეთს, პროგრამების 90% დარჩება, პროფესორებს ჯერ ხელს არ ახლებენ. ილიაუნის კი – ჩამოაჭრიან 70%-ს.
ასეთი სიმახინჯე რომ შექმნა, წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, როგორ ვითარდება უნივერსიტეტი, რას ნიშნავს შიდა საუნივერსიტეტო კულტურა და ხარისხი. ან რამხელა შრომა დასჭირდება ასეთი კომპლექსური სტრუქტურების გაერთიანებას – თუნდაც საინფორმაციო სისტემების კუთხით.
სასაცილო ისაა, რომ პროფერობის დიდ ნაწილს მართლა სჯერა, რომ გადარჩებიან. არადა, ასე არ მოხდება – მესამედს აუცილებლად მოუწევს წასვლა – პროგრამების გაერთიანების შედეგად.
ძალიან უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მის უნივერსიტეტებს ასე დაერიო.
და სრულიად უნდა იყოს გალაჩრებული ქვეყანა, რომ ეს მიიღოს.
სამწუხაროდ, მე ვეღარ ვხედავ ვერც რეალური ბრძოლის რესურსს და ვერც გამარჯვების შესაძლებლობას არჩევნებამდე, თუ საპროტესტო მოძრაობის სრული გარდაქმნა და ყველა ორგანიზაციის, ყველა პარტიის ენერგიის გაერთიანება არ მოხდა. ვერც იმას ვხედავ, რომ ვინმე არჩევნებისთვის ემზადებოდეს. ერთადერთი, ახლა რისი რესურსიცაა – რაღაც სიხშირით დიდი აქცია ტარდებოდეს, რომ საერთაშორისო სივრცეს პროტესტის ხმა ესმოდეს.
რაც ცხადად ჩანს – ახალგაზრდებს მიადგნენ ყველა მხრიდან, რომ ეს თაობა მთლიანად გარდაქმნან ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა საქართველოს პირველ წლებში მოხდა. ამიტომ ისევ აქტიურად გავაგრძელებ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება. მალე ალბათ ამასაც შეზღუდავენ – იმიტომ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმეორებთ რუსეთის გზას, ორჯერ მეტი სიჩქარით.














კომენტარები