საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე სამხედრო პატივით ცოტა ხნის წინ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს.
ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.
სალომე ზურაბიშვილი:
“ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი”
გენერლის დაკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის სიტყვა წაიკითხა მეუფე შიომ:
“უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.
მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ”,-ნათქვამია განცხადებში.
კომენტარები