ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.
მათივე ცნობით, ვალტონენი უარყოფს ივანიშვილის მთავრობის განცხადებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.
„მე ვიყავი იმ დემონსტრაციების სანახავად, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ.
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორი რეაგირება ექნებათ. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში გამემართა შეხვედრები“.
ცნობისთვის, ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები