საოპერო მომღერალი, სოპრანო, ნანა მირიანი ქავთარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
საქართველოში ჩამოვედი, როგორც კი გავიგე პატრიარქის გარდაცვალების ამბავი.
ვუყურებ ეთერებს, სადაც ბევრს ვხედავ, ვინც საკუთარ ისტორიებს ჰყვება.
მე კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ და მაქვს მნიშვნელოვანი მოგონებები და სათქმელი, არავინ შემხმიანებია.
მე მაქვს პირადი მოგონებები, რაც პატრიარქს უკავშირდება — და მიმაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს ესეც.
არ ვიცი, ეს შემთხვევითობაა თუ არჩევანი — მაგრამ ვიცი ერთი რამ:
ის, რაც მე მაკავშირებს პატრიარქთან, ჩემთვის ძალიან ძვირფასია და დაუვიწყარი.
მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არავინ დამკავშირებია!
ეს ჩემთვის გაუგებარია.
მაქვს სრული ინფორმაცია, რომ მედიას აქვს ჩემი საქართველოში ყოფნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად ვრჩები იგნორირებული, მაშინ როცა ეთერებში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც პატრიარქთან „ურთიერთობებზე“
საუბრობენ და ხშირად სრულიად უსაფუძვლო ან გადაჭარბებულ ისტორიებსაც კი ყვებიან.
ჩემთვის გაუგებარია, რა პრინციპით ხდება სტუმრების შერჩევა — პროფესიონალიზმით, რეალური კავშირით თუ სხვა, არაცხადი ინტერესებით.
დუმილი ამ შემთხვევაში ბევრ კითხვას ბადებს — როგორც მედიის ობიექტურობაზე, ასევე მის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე!
ქავთარაშვილი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე მოგონებასაც აქვეყნებს:
ძვირფასი მოგონებები პატრიარქზე!
კიდევ აღმოვაჩინე პატრიარქთან სხვადასხვა პერიოდში სტუმრობისას გადაღებული ფოტოები. ზოგი ფოტო ძალიან შინაურულია; რომლებიც პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს მარანში ყოფნის დროს გადაგვიღეს.ერთ-ერთი ფოტო საპატრიარქოს დიდ დარბაზში სტუმრობისას გადაღებულია.თეთრ როიალთან დამსვა და მთხოვა, დაჯექი რამე დაუკარი,თან იმღერეო. ზოგი ფოტო კონცერტზე გადაღებულია, ან პატრიარქთან ოფიციალური ვიზიტის დროს და ასევე კოლეგებთან ერთად.სულ ბოლოს გასული წლის ზაფხულს, წითელი სოფლის რეზიდენციაში ვესტუმრე და სანამ ბევრჯერ არ ვუმღერე მანამდე არ გამომიშვა. მისი შექმნილი საგალობლებიც ვუგალობე.
მისივე დაწერილ ალელუიას როცა ვგალობდი, მისწორებდა არ არის ეგრეო, სანამ ზუსტად არ ვუმღერე, რამოდენიმეჯერ გამამეორებინა და ბოლოს თავი დამიქნია, ეხლა სწორიაო. შემდეგ გულზე ჯვარი ეკიდა და მოიხსნა, მითხრა, მოდი ახლოსო, თავი დახარეო და თავისი საკუთარი ჯვარი დაცვის დახმარებით მე დამკიდა და თან დამლოცა. გამომშვიდობებისას დიდხანს მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ეს იყო მის უწმიდესობასთან ბოლო შეხვედრა და მისი ბოლო უძვირფასესი საჩუქარი, რომელსაც მთელი სიცოცხლე გულით ვატარებ!უამრავი მოგონებები დამრჩა პატრიარქთან სტუმრობის, შეხვედრების და ურთიერთობის პერიოდის.პატრიარქს საოცარი ხუმრობა და იუმორი ჰქონდა, აი ისეთი, რომ არ გეწყინებოდა:მახსოვს ერთხელ ჩემმა მეგობარმა ეთერიმ დამირეკა, სასწრაფოდ გაემზადე მანქანით გამოგივლით, საპატრიარქოში გველოდება მისი უწმიდესობაო. შარვალი მეცვა და ჩქარა ჩქარა ჭრელი რუშებიანი კაბა გადავიცვი, რაც ხელში მომხვდა. როდესაც ხალხით სავსე დარბაზში შევედით, პატრიარქი მიყურებს და მეუბნება: ეგ როგორი ციგნური კაბა ჩაგიცვია… ? მთელი დარბაზი ახარხარდა და თვითონ პატრიარქიც იცინოდა. ასეთი მხიარული ის არასოდეს მინახავს.
ერთხელ ტრაპეზზე ვიყავი მიწვეული და მოვხვდი პატრიარქის გვერდზე, სუნთქვა შეკრული ვიჯექი სუფრასთან და ლუკმა ყელში არ გადამდიოდა. ცოტა მოსუქებულიც ვიყავი იმ პერიოდში. პატრიარქმა ხორცის ბლინი აიღო და თავისი ხელით მომაწოდა და მეუბნება: მიირთვი არ დასუსტდე…
ტრაპეზზე სხვა დროსაც ვიყავი მიწვეული და პატრიარქი მოხეური კილოთი მეტყოდა ხოლმე, ეს გადაიღე ჩვენებური კალმახი არის…
ან “დახვრიპე სუპი, გემრიელია”…ერთხელ ჩემი ძმა აჩიკოც მივიყვანე, პატრიარქს გავაცანი. მაშინ უწმიდესი ჯანზე იყო და მხნედ. ქვემოთ საპატრიაქოს ფოიეში დაგვხვდა, სასულიერო პირებიც ახლდა და სტუმრებიც იყვნენ. ზემოთ დარბაზში მიგვიპატიჟა. მე და ჩემი ძმა ლიფტში შეგვიყვანა, პატარა ლიფტია, სამი კაცი ძლივს ეტევა. უწმიდესმა დაგვიძახა; “ მოდით, ჩვენ მოხევეები ლიფტით ავიდეთ და ეგენი ფეხითაც ამოვლენო”
საპატრიარქოში ყოფნისას ერთხელ ჩანთაში მედო ვერდის ოპერა ნაბუქოს CD
აუდიო-ჩანაწერი ჩემი შესრულებით , რომელიც ბიძინა კვერნაძეს შევპირდი გაჩუქებთ მეთქი და სანამ ბატონ ბიძინასთან მივიდოდი, პატრიარქთან ვიყავი სტუმრად. უსმენდა ჩემს ამა თუ იმ ჩანაწერებს, მომიბრუნდა და მეკითხება მანდ ჩანთაში ჩემთვის არაფერი გაქვსო? გავოგნდი, საიდან მიხვდა მეთქი, მაგრამ მომერიდა, რომ დამემალა და გულახდილად ვუპასუხე; დიახ ჩანთაში მიდევს ჩემი შესრულებით ნაბუქოს დისკი, მაგრამ ბიძინა კვერნაძეს შევპირდი და მას უნდა ვაჩუქო მეთქი…
მიპასუხა ხუმრობით; ბიძინას რადღა უნდა, მაიტა მე მაჩუქეო…ერთხელ მახსოვს მე და ჩემი მეგობარი ეთერი კოხოძე, რომელიც პატრიარქის ლოცვა კურთხევით პირველად შექმნილი სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი იყო და დღესაც აქტუალურად დირიჟორობს გუნდს, როცა საქართველოში გერმანიიდან ჩამოდის ხოლმე, ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ვეწვიეთ უწმიდესს და საღამოს ლოცვას დავესწარით.
ლოცვა საპატრიარქოს ეზოში თეთრ ჯვართან ჩატარდა. უკვე გვიანი იყო, უწმიდესმა დარბაზში მიგვიპატიჟა მიმღერეთ რამეო. ეთერიმ უგალობა. მოვიდა ჩემი ჯერი და ვეუბნები უწმიდესს: საოპერო არიებს მე ვერ დავუკრავ, კონცერტმეისტერი არ არის აქ და აბა ვინ გამიწევს აკომპანიმენტს?აკაპელაში მიმღერეო….მივუახლოვდი თეთრ როიალს და ცალი თითით თითო კლავიშზე ტონალობას ვუკრავდი და თან პონკიელის ჯოკონდას დრამატული არიის სიმღერა დავიწყე მთელი ხმით. ღამის 12 საათია.ჩავედი არიის ბოლომდე ასე ცალ კლავიშზე დაკვრით… მიყურებს უწმიდესი და გაკვირვებული მეკითხება: ეს რაი იყო? ეს რამხელა ხმა ამოუშვი? აბა მომიყევ რაზეა ეს ოპერაო… (არ ჰქონდა მოსმენილი და ინტერესით მეკითხებოდა ოპერის სიუჟეტს)…მეც მოვუყევი და დიდი კმაყოფილებით მისმენდა.მერე Casta Diva მიმღერეო, მერე Tosca და ასე სანამ ბოლომდე არ გვამღერებდა რაც მას სურდა და სიამოვნებდა არ გვიშვებდა სახლებში…სულ პირველად როცა უწმიდესს პირველად შევხვდი და გავიცანი, ჯუზეპე ვერდის ოპერა ბალმასკარადიდან ამელიას არია ვუმღერე “Morrò ma prima in grazia” მაშინ მითხრა პირველად “თქვენ ნამდვილი ვარსკვლავი ხართ”!
მაშინ მომაყოლა პირველად ოპერის სიუჟეტი და ამელიას ბედი,თუ რაზე მღეროდა. შემდეგ გამომიტანა ულამაზესი საჩუქარი და დამლოცა.იმის მერე ხშირად მამღერებდა მაგ არიას, როცა საპატრიარქოში მივდიოდი და მეუბნებოდა; Morrò მიმღერეო…ერთხელ მისი უწმიდესობის დაბადების დღეზე, 4 იანვარს, იავნანას ფონდის ორგანიზებით ვერდის ოპერა “ბედის ძალა” მივუძღვენით პატრიარქს. ოპერა საკონცერტო შესრულებით გრიბოედოვის თეატრში ჩატარდა.
რა თქმა უნდა პატრიარქი ესწრებოდა კონცერტს. ინტერვალის დროს ჩემთან საგრიმიოროში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა და მომახსენა, დარბაზში წამობრძანდით პატრიარქი გიხმობთო. გამაცილა ამ ბიჭმა დარბაზში და პატრიარქს ვეახლე, უწმიდესი ფეხზე წამოდგა, გადამეხვია, მომილოცა და მადლობა მომიხადა ასეთი კარგი სიმღერისთვის. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ჩვენ შემოგვცქეროდა.დასასრულს ტრაპეზზე მიგვიწვია შემსრულებლები და იქ პირადად მე უძვირფასესი სამკაული გადმომცა თავისივე ხელით და, თან მეუბნება გაიკეთე მოგიხდებაო.მახსოვს ერთხელ ვერდის ოპერა “ნაბუქო” მივუძღვენით უწმიდესს, რომლის გრანდიოზული კონცერტი ოპერის თეატრში ჩატარდა. კონცერტზე წითელი საკონცერტო კაბა მეცვა, დანარჩენი შემსრულებლები თითქმის ყველა მუქად იყვნენ ჩაცმულები. პატრიარქმა ისევ მიგვიწვია საპატრიარქოში. მე გამოვიცვალე საკონცერტო კაბა და ჩვეულებრივ კლასიკურად ჩაცმული ვეწვიე. შესვლისთანავე, რომ დამინახა მეუბნება: მე მეგონა წითელი კაბით მოხვიდოდი…
მაშინაც დაგვაჯილდოვა შემსრულებლები და სინით გამოგვიტანეს სამკაულები. ყველას დაგვირიგეს ულამაზესი საჩუქრები.უწმიდესმა ერთხელ ულამაზესი ქარვის მძივები საკუთარი ხელით ჩამომკიდა გულზე.
რომელი ერთი მოგონება გავიხსენო….ამოუწურავად შემიძლია ვისაუბრო ულამაზეს და დაუვიწყარ მოგონებებზეპარიზის Salle Pleyel საკონცერტო დარბაზშიც ჩატარდა გრანდიოზული გალა კონცერტი, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს მიეძღვნა. რა თქმა უნდა პატრიარქიც ესწრებოდა კონცერტს სასულიერო პირებთან ერთად. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ უამრავი ქართველი ვარსკვლავები, ცნობილი მუსიკოსები- მომღერლები და კონცერტის დამთავრების შემდეგ მიგვიწვიეს ბანკეტზე.
უწმიდესმა და უნეტარესმა ყველას გადმოგვცა ძვირფასი საჩუქრები მადლობის აღსანიშნავად!იყო ასეთი დაუჯერებელი სიურპრიზიც ჩემს ცხოვრებაში… რამოდენიმე წლის წინ იტალიაში ვარ და ჩემი მობილური რეკავს: დავხედე, მობილურს, ვხედავ ქართული უცნობი ნომერი დაიწერა, ვუპასუხე და მესმის მამაკაცის ხმა: ქალბატონო ნანა თქვენთან პატრიარქს სურს საუბარი, ხაზზე იყავით ახლავე მობილურს გადავცემ….
ენა ჩამივარდა, სუნთქვაც შემეკრა… ვიფიქრე, სიზმარში ვარ თუ ცხადში? ცოტა ხანში გავიგონე უწმიდესის თბილი და მშვიდი ხმა, მომიკითხა, დამლოცა და დამემშვიდობა. ეს დაუჯერებელი და ჯადოსნური მომენტი რამოდენიმე წამს გაგრძელდა!იმ პერიოდში ვემზადებოდი საოპერაციოდ. უწმიდესმა ეს შეიტყო და გადაწყვიტა ჩემი გამხნევება.მისმა სატელეფონო ზარმა დამამშვიდა.მერე როგორც მაცნობეს,პატრიარქს გადასცეს ოპერაციის ზუსტი დრო და ზუსტად ოპერაციის მიმდინარეობის დროს წირვაზე ბარძიმში მომიხსენია. ეს მეუფისგან შევიტყვე.ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა.პატრიარქის თხოვნით მისი მოლოცვა გადმომცეს:“გილოცავ გადარჩენას, ღმერთმა დაგლოცოს”.ღვთის მადლით და შეწევნით რამოდენიმე თვეში სცენასაც დავუბრუნდი და დღესაც კარგად ვარ!
გარდა ამ მოგონებების კიდევ მინდა ავღნიშნო ისიც, რომ პატრიარქს ზებუნებრივი ტელეპატიური ჭვრეტის უნარი გააჩნდა და ხშირად მიმანიშნებდა ისეთ რაღაცაზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცოდი და ჩემი საიდუმლო იყო.მაშინ გაოცებული ვრჩებოდი და ვფიქრობდი, თუ საიდან მიხვდა, ან საიდან იცის მეთქი…რამე პრობლემა როცა მქონია და მასთან მივსულვარ, მინდოდა ხოლმე რომ მომეყოლა იმ პრობლემაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერ ვეუბნებოდი, მერიდებოდა და დაშორებისას უწმიდესი მეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ!და მართლაც ის პრობლემა უპრობლემოდ მოგვარებულა!














კომენტარები