სახალხო დამცველის აპარატმა, თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველმა 113 ახალი შემთხვევა შეისწავლა.
სახალხო დამცველმა, შესწავლილი საქმეების საფუძველზე, შემდეგი რეკომენდაციები გასცა:
საქართველოს მთავრობას:
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისას, საქართველოს მთავრობისა და კრიზისის სამართავად სპეციალურად შექმნილი ორგანოების (მათ შორის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს) წევრებმა გააკეთონ მკაფიო განცხადებები დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულებებისგან დაცვის მიზნით;
ახალი კორონავირუსის მართვის მიმართულებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით;
ქვეყანაში პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ღონისძიებების, ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების განსაზღვრისას, გათვალისწინებული იყოს უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა საჭიროებები. მათ შორის, უზრუნველყოფილი იყოს ხსენებული წესების შესახებ დროული ინფორმირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გასაგები ენითა და ფორმით;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერ მემკვიდრეზე საკუთრებაში გადაცემისას, ბლანკეტურად არ გამორიცხოს ამ უფლების სუბიექტთა კატეგორიიდან ყველა მემკვიდრე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საპენსიო ასაკს მიღწევა ყველა შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას. სოციალური უზრუნველყოფის არსებული წესი იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ სახელმწიფოსგან ამ ორი ფინანსური სარგებლის ერთდროულად მიღების საკითხი, შესაბამისი პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით წყდებოდეს;
დროულად შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. ამასთან, გეგმით განისაზღვროს გონივრული ვადები გაწერილი 60 ვალდებულებების შესასრულებლად; უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტების მონიტორინგი, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი სანქციები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში შევიდეს ცვლილება, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის, და ორსულობის შესაწყვეტად საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება;
არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად;
კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც აისახება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებები, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე, დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად;
მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირებების დასანერგად;
ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები და რეგულაციები 10 წლამდე და 10 წლის ზემოთ 18 წლამდე არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ;
მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, შესატანი ცვლილებები, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების/ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტს და, ამავე დროს, განისაზღვრება შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც, დამსაქმებლები უფლებამოსილნი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები;
მოამზადოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, შესაბამისად, შვებულებით სარგებლობის საკითხი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს
არსებული სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ე.წ. „სტუდენტური პაკეტი“, ხელმისაწვდომი გახადოს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების სხვა საფეხურების სტუდენტთა თანასწორად და მომავალში, სოციალური/ჯანმრთელობის დაცვის შეღავათების დაგეგმვისას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას, იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს:
ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა;
შეიტანოს ცვლილებები „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში, რომლითაც ტრანსგენდერი ქალებისათვის დადგინდება გამონაკლისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებიდან;
უზრუნველყოს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც გამოცდების ორგანიზების პროცესში გაითვალისწინებს რელიგიურ საჭიროებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ლგბტ+ თემის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების/ზე თავიდან აცილების და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გაატაროს ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებები;
უზრუნველყოს განგრძობითი ტრენინგების ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე რეაგირება, რომლის მიზანია, მათ შორის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს:
უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის ყველა ოფისში ქალი ექსპერტის/ექსპერტების დასაქმება, რომლებიც, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა;
10 წლამდე ასაკის სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და შედეგების შეფასების პროცესში არსებითად გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და საჭიროებები; თითოეული შემთხვევა შეფასდეს ინდივიდუალური და ფაქტობრივი გარემოებებისა და მახასიათებლების საფუძველზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკს
შეიმუშაოს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კომერციული საბანკო მომსახურების მიღებას დისკრიმინაციის გარეშე, მომხმარებლის მოქალაქეობის მიუხედავად.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს
დაიცვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები გადაამზადოს რელიგიური ნეიტრალიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში შემავალი ყველა სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმირების მიზნით, შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების მიერ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით.
საქართველოს პროკურატურას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში, ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით.
კომენტარები