პარტია დროა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საერთო სასამართლოებისა და ცესკოს შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს. პარტია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ვეტოს დაძლევის შესაძლებლობისა, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს – ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.
“საგანგაშოა პარლამენტში დაგეგმილი 3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანი ერთადერთია – სახელმწიფოს მიტაცება ინსტიტუტებზე დაუფარავი თავდასხმის გზით. ხელისუფლება ცდილობს, წინა საახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, დაიწყოს შეტევა სამი მიმართულებით: გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები და კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც გამორიცხავს საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას”. – ნათქვამია დროას განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დატოვებს თავდასხმის გარეშე. დროას აზრით, თავდასხმის შემდეგი ობიექტი, შესაძლოა, ომბუდსმენის აპარატი იყოს.
“არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, დროა აუცილებლად შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს”. – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები