რუსეთში დაიწყო უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა ხელმოწერების შეგროვება. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ საიტზე გამოქვეყნებულია „მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში ომის პარტიის წინააღმდეგ“. ხელმოწერებს „ინტელიგენციის კონგრესი“ აგროვებს.
„ჩვენი პოზიცია მარტივია – რუსეთს არ სჭირდება ომი უკრაინასთან და დასავლეთთან. ჩვენ არავინ გვემუქრება, თავს არავინ გვესხმიან. პოლიტიკა, რომელიც ასეთი ომის იდეას ეფუძნება, ამორალური, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივია და ვერ იწარმოებს რუსეთის ხალხთა სახელით.
ასეთ ომს ვერ ექნება ვერც ლეგიტიმაცია და ვერც ზნეობრივი მიზნები. ქვეყნის დიპლომატიას შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე სხვა პოზიცია, გარდა ასეთი ომის მიუღებლობის. ომი არა მხოლოდ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის თავად მის არსებობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერთა შორის არიან: უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი, მსახიობი ლია ახეჯაკოვა, მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი და სხვები.
უკრაინის გარშემო ვითარება დაძაბულია გასული წლის მეორე ნახევრიდან. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. კრემლის უმთავრესი მოთხოვნაა შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაძლიერება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.














კომენტარები