ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 28 წლის ქართველ ქალს, ნინო კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ გამომძიებლების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში კახნიაშვილი ჩავიდა უკრაინაში, სადაც ნებაყოფლობით შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს. საწვრთნელ ბაზებზე სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ის დაეუფლა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და მიეწოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ, 2022 წლის სექტემბრამდე, დაქირავებული მებრძოლი მონაწილეობდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ “უკრაინულმა სარდლობამ გადაწყვიტა კონტრშეტევის დროს ფრონტის ხაზზე აქტიურად განლაგება, ის საქართველოში გაიქცა”.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ კახნიაშვილი უკრაინაში 2023 წელს დაბრუნდა და ირწმუნებიან, რომ ის სამხედრო მოქმედებების ზონაში 2025 წლის ივნისამდე იმყოფებოდა.
რუსული მედია წერს, რომ ამ ქმედებებისთვის მან მიიღო ფინანსური კომპენსაცია, რომელიც სულ 2 მილიონ რუბლს აჭარბებდა.
კახნიაშვილი საერთაშორისო ძებნილთა სიაშია გამოცხადებული და სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.














კომენტარები