რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის საავადმყოფოს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
„დღეს, 28 სექტემბერს, დილით მტერმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ავიაიერიში მიიტანა სუმის ჯანდაცვის დაწესებულებაზე. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, – წერს ქალაქის მერი არტემ კობზარი Telegram-ზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ კობზარმა განაცხადა, რომ მტერმა მეორე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ოკუპანტებმა დასახლებულ უბანს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტიეს.
ამ დროისთვის დაღუპულია 7 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის თითო პოლიციელია. უწყების ინფორმაციით, იერიშის შედეგად საავადმყოფოს რამდენიმე სართულის ჭერი ჩამოინგრა.
კომენტარები