დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ. 10 ათასმა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, – აცხადებს პარტია „ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე.
დოლიძის თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღასრულოს ხალხის ნება.
„პარტია „ხალხისთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ უძრავი ქონების ყიდვა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატვა და მას ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემორჩილოს. დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი და დემოგრაფია რეალურ საფრთხეშია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ მოახერხებს საქართველოს პირდაპირ ოკუპაციას, მას მიეცემა საშუალება დემოგრაფიული და ეკონომიკური ოკუპაციის. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ მშვიდობა და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მეორე მხრივ კი, დავიცვათ საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი.
ამიტომ, ჩვენი პარტიის „ხალხისთვის“ ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ მოხდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გადაცემის და უძრავი ქონების მიყიდვის შეჩერება. დროებით გამოცხადდეს მორატორიუმი, ვიდრე არ გადაივლის ის კრიზისული სიტუაცია, რომელიც ხდება უკრაინაში. ამ კრიზისს კი უკავშირდება საქართველოში რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს სასწრაფო-საემიგრაციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც გაამკაცრებს ჩვენს საემიგრაციო კანონმდებლობას და მოარგებს მას საქართველოს ინტერესს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
კომენტარები