,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,2005 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ კორპუსში მობრძანდნენ: გიგა ბოკერია, ლაშა ბუღაძე, ნოდარ ლადარია, ლევან რამიშვილი, ბასილ კობახიძე, თამარ კინწურაშვილი, მოკლედ, „ვარდების რევოლუციონერები“. დირექციამ ვიწრო თათბირი მოიწვია, მეც დამიძახეს, როგორც სპეციალური რეპორტაჟების ჯგუფის უფროსს.
„ვარდების რევოლუციონერებმა“ სამგვერდიანი გეგმა გაგვაცნეს და ტელევიზიისგან ითხოვდნენ პატრიარქსა და ეკლესიაზე გადაცემათა ციკლის მომზადებას. ამ გადაცემებში პატრიარქი, ეპისკოპისები, მღვდლები, განსაკუთრებით კი, ბერ-მონაზვნები მამათმავლებად და დედათმავლებად უნდა წარმოჩენილიყვნენ. იქვე, ადგილზე ავუხსენი „ვარდების რევოლუციონერებს“, რა ნაძირალებიც არიან, მათი გეგმა მყისვე გარეთ გამოვიტანე და საგანგებო ბრიფინგზე გავასაჯაროე. ხალხმა სიმართლე გაიგო და განრისხდა, „ვარდების რევოლუციონერები“ ხალხის ასეთ რეაქციას არ ელოდნენ, არვიცი, რატომ! რა მოჰყვა ამას? რა და ტელეკომპანიები: იმედი და რუსთავი-2, „ვარდების რევოლუციონერების“ რადიოები, დეპუტატები და ჩინოვნიკები, აქტივისტები და მხარდამჭერები სამი დღის განმავლობაში გიჟად მაცხადებდნენ, ამბობდნენ, რომ ფსიქიკურად დაავადებული ვარ და ყველაფერი გამოვიგონე.
გავიდა სამი, მძიმე დღე და უეცრად პატრიარქმა სასწრაფოდ დამიბარა. პატრიარქს, თურმე, „ვარდების რევოლუციონერების“ დეპუტატები და ჩინოვნიკები ესტუმრნენ. მე ეს არ ვიცოდი, მივედი, დიდ დარბაზში შემიყვანეს, ვხედავ უამრავ „ვარდების რევოლუციონერს“. დამინახეს თუ არა, სიჩუმე ჩამოვარდა, მე კართან ვიდექი, პატრიარქი ჩემგან საკმაოდ შორს, სავარძელში იჯდა, რომ დამინახა, ხმამაღლა შემომძახა: ირმა, ირმა, მეცხრე ნეტარება გახსოვს? ჩუმად ვარ, დარბაზშიც სრული სიჩუმეა, პატრიარქი აგრძელებს: ქრისტესთვის გიჟს რომ დაგიძახებენ, ამაზე დიდი ბედნიერება არც უნდა ინატრო! მერე ხელით მანიშნა – ჩემთან მოდიო და თავის გვერდით, სკამზე დამსვა, ყველას დასანახად. „ვარდების რევოლუციონერებმა“ იმ დღიდან ეს თემა დახურეს, მეტიც, ეკლესიას, მართალია, სააკაშვილის რეჟიმი სულ ებრძოდა, მაგრამ ამ თემების წამოწევას ვეღარ ბედავდა.
თათბირზე დამსწრე კოლეგებმა მაშინ ვერ გაბედეს ჩემი დაცვა, მხოლოდ 9 წლის მერე ანუ 2014 წელს მათ აღარ დამალეს ამ თათბირის ისტორია. რაც შეეხება ტელეკომპანიებს: იმედი და რუსთავი-2, ტყუილი და ცილისწამება მაშინაც ახასიათებდათ – ნაცებს რომ ემსახურებოდნენ და ახლაც ახასიათებთ – „ოცნებას“ რომ ემსახურებიან!
ამ ამბებიდან 12 წელი გავიდა და ავანსცენაზე ცრუ მეუფე პეტრე გამობრძანდა, რომელმაც ზუსტად იმ ტყუილისა და ცილისწამების ტირაჟირება დაიწყო, რაც „ვარდების რევოლუციონერების“ გეგმაში ეწერა. მაშინ უკვე პარლამენტში ვიყავი და პარლამენტიდან ღიად ვამხელდი ცრუ პეტრეს, რომელმაც გადასარევად იცოდა, რომ ტყუის. გასაოცარია, რომ სააკაშვილის თანამოაზრე ცრუ პეტრე ამ ცილისწამებებს სააკაშვილის დროს ვერ ბედავდა, “ოცნების” დროს კი, გამამაცდა! რატომ? იმიტომ, რომ „ოცნება“ ამ დროს უკვე ნახევრადნაციონალური იყო და ცრუ პეტრემ ორმხრივი მხარდაჭერა იგრძნო. ცრუ პეტრეს მამხილებელ ბრიფინგებს მე დავით თარხან-მოურავთან ერთად ვატარებდი, ხშირად ამ ბრიფინგებს პარლამენტის პრესკლუბში ვმართავდით და ჰოი, საოცრებავ, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დარბაზი მე დამიკეტა, გამოიცანით, ვინ იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე? ვინ და „მართლმადიდებელი“, „ეროვნული“ და „ტრადიციონალისტი“ სიგიზმუნდ კობახიძე!
ამავე პერიოდში ასპარეზზე გამოჩნდა „გირჩი“. პირველივე დღიდან საჯაროდ ვამბობდი, რომ „გირჩი“ „ოცნების“ შექმნილია, დღეს კი, ამას თავად ვახტანგ მეგრელიშვილიც არ უარყოფს და ადასტურებს, რომ „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძისა და „ოცნების“ გარიგების შედეგად ჩამოყალიბდა, ანუ „ოცნებამ“ შექმნა და დააფინანსა „გირჩი“, პარლამენტშიც შეიყვანა და ახლა თბილისის საკრებულოშიც ჰყავს.
„ოცნების“ ხელშეწყობით „გირჩმა“ საკუთარი ეკლესიის ჩამოყალიბება დაიწყო, ახალგაზრდები ეპისკოპოსებად, მღვდლებად, მამაოებად და დედაოებად გამოაცხადა, ჩამოიტანა გასაბერი ეკლესია, დაიწყო ნარკომანიისა და ზოგადად, ყოველივე ანტიეკლესიურის ქადაგება, რამაც, საბოლოო ჯამში, სერიოზული ზიანი მიაყენა, პირველ რიგში, თავად ახალგაზრდებს და ამავდროულად, დააზიანა საზოგადოებაც და ეკლესიაც! როცა ამას პარლამენტის ტრიბუნიდან ვამხელდით, პარლამენტის პრესსამსახური ჩვენი ფრაქციის ვიდეოკადრებს ჭრიდა ანუ ხალხისთვის ამისი დამალვა სურდათ. ალბათ, გამოიცანით, რომ ესეც სიგიზმუნდ კობახიძის დავალებით ხდებოდა!
ცრუ პეტრესა და „გირჩის“ პარალელურად, სწორედ „ოცნების“ პერიოდში, სამმაგად გააქტიურდნენ სხვადასხვა ინტერნეტბლოგერები – ვითომ თეოლოგები, ვითომ ისტორიკოსები და ვითომ ანალიტიკოსები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ, თურმე, შუშანიკი ყოფილა ცუდი და ვარსქენი- კარგი, დავით აღმაშენებელი- ცუდი და ლიპარიტ ბაღვაში-კარგი, გიორგი სააკაძე- ცუდი და შადიმან ბარათაშვილი- კარგი და ცხადია, ერეკლე მეორეც ცუდი ყოფილა! მეტიც, დაიწყო ირანის შაჰებისა და თურქეთის სულთნების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა! დააკვირდით: რის თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავდა სააკაშვილის რეჟიმი, ყოველივე ეს არა მარტო ხმამაღლა ითქვა, არამედ ყოველივე ამის პროპაგანდა გასამმაგდა „ოცნების“ მმართველობის პირობებში. ამ დროს სოროსელი კობახიძე ერთობლივ, საჯარო კონფერენციებს ატარებდა სოროსის ფონდსა და სხვა ენჯეოებთან, ამასთან, საჯაროდ აღუთქვამდა ხელშეწყობას, დღეს კი, იგივე ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს, ხვალ კვლავ მეგობრობას შეჰფიცავს და ასე გვატარებს წრეზე!
რას ვამბობ? იმას, რომ „ოცნება“ წლების მანძილზე ცდილობდა ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას, ოღონდ ეშმაკურად, ცრუ პეტრეს, „გირჩის“ და სხვათა ხელით! ამას ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მინისტრობის დროს მომხდარი ამბავი, როდესაც სუსიდან „გამოჟონა“ ე.წ. კრებსებმა. ჯერ ერთი: სუსი რომ ათიათასობით ადამიანს უსმენდა და იწერდა, ეს პირდაპირი დანაშაულია და ამის გამო, არავინ დასჯილა! მეორეც- ამ ჩანაწერების სრული შინაარსი, მათ შორის, პირადი საიდუმლოებანი საყოველთაო განსჯის საგნად რომ იქცა, ეს ორმაგი დანაშაულია! მესამე დანაშაული ისაა, რომ ამ ჩანაწერებში ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო არეული ანუ მე ვამტკიცებ, რომ სუსის თანამშრომლები თავად იგონებდნენ ამა თუ იმ სასულიერო პირთან ან საზოგადო მოღვაწესთან ან პოლიტიკოსთან დაკავშირებულ სიუჟეტებს, რომლებიც რეალობაში არასდროს მომხდარა, ეს გამოგონილი ტექსტები შეურიეს რეალურ ჩანაწერებს და შემდეგ სუსმა თავად უზრუნველყო ამ მასალების „გაჟონვა“! თავად „ოცნების“ ყოფილმა მაღლჩინოსანმა, უსაფრთხოების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ 2000 ოპერატიული მუშაკი უსმენდა სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს და ზოგადად, ყველას! უსმენდნენ არა მხოლოდ ამ ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს! ამ ჩანაწერებს ამუშავებდნენ და უგზავნიდნენ ხელისუფლების პირველ პირებს! მიმღებთა შორის იგი პირდაპირ ასახელებს „კანონიერებისთვის მებრძოლ“ ირაკლი კობახიძეს!
სხვათაშორის, გრიგოლ ლილუაშვილი უსაფრთხოების მინისტრად რომ დანიშნეს, თუ იცით, მისი რეკომენდატორი და ლობისტი ვინ იყო? ვინ და ირაკლი კობახიძე! გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილის კადრი იყო, მაგრამ როცა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ისინი ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. მერე საერთო ინტერესებიც გაუჩნდათ და სწორედ კობახიძე აქებდა ლილუაშვილს ხელმწიფის კარზე! საბოლოო ჯამში, ლილუაშვილი სუსის მინისტრი გახდა და კობახიძე მას თავის კაცად თვლიდა, მაგრამ 2-3 წელში ლილუაშვილი მოძლიერდა და დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცა, აი, აქედან იწყება დაძაბულობა კობახიძე – ლილუაშვილის ურთიერთობებში და უკვე 2024 წლიდან კობახიძე დღენიადაგ აძულებდა ხელმწიფეს ლილუაშვილის თავს, რაც ლილუაშვილის პატიმრობით დასრულდა!
საბოლოო ჯაშმი, რისი თქმა მინდა? სააკაშვილის რეჟიმი ეკლესიასაც ებრძოდა და ყოველივე ქართულსაც და ამას არც მალავდა! წითელი ხაზების გადაკვეთა სააკაშვილის რეჟიმს სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა! ვითომ ეკლესიურმა და ვითომ ეროვნულმა „ოცნებამ“ კი, წითელი ხაზები სრულად მოარღვია და ყველანაირად შეუწყო ხელი ტყუილისა და ცილისწამების ნიაღვარს პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, ეროვნული ცნობიერების, ეროვნული გმირებისა და ქართველი წმინდანების წინააღმდეგაც კი! მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ეს გააზრებულად და მიზანმიმართულად კეთდებოდა! ამ ფონზე „ოცნება“ მართლმადიდებლობის დამცველად რომ გვევლინება და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომ გვთავაზობს, ეს თვალთმაქცობის მწვერვალია!
ეკლესია ყველაზე ჰუმანური ინსტიტუტია და წლების მანძილზე მიმართავს პრეზიდენტებს პატიმართა შეწყალების თხოვნით და ახლაც მეუფე შიომაც, საპატრიარქომაც და ამ დღეებში მეუფე იაკობმაც ხელისუფლებას პატიმრების შეწყალებისკენ მოუწოდეს. თუმცა, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორს და სააკაშვილის მთავრობის მინისტრის მოადგილეს, დღეს კი- ნაციონალური ოცნების ლიდერს გია ვოლსკის ეს არ მოეწონა და მეუფე იაკობის მოწოდება „პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად“ შერაცხა!
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უნდა აცნობიერებდეს, რომ პატიმრების შეწყალება გააზრებულად და მიზანმიმართულად შექმნილი მექანიზმია, რომელიც საზოგადოებაში ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის განმტკიცებას ემსახურება და ეს მექანიზმი უფლებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს: სასულიერო პირსაც, პედაგოგსაც და მძღოლსაც საჯაროდ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების წინადადებით! შეწყალების მექანიზმი არ იცნობს დეფინიციას: „პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა“!
საიდუმლო არაა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია შეიწყალოს ადამიანი, ყოველგვარი წერილობითი თუ ზეპირი განცხადების გარეშეც! ერთხელ უკვე დავწერე, რომ „ოცნება“ ჩემს თვალწინ გაურიგდა „ნაცმოძრაობას“ და ზურაბიშვილს უგულავა შეაწყალებინეს! მე მაშინვე ვამხილე ეს და ჩემი განცხადებები ახლაც იძებნება ინტერნეტში! მეტიც, ახლახანს თავად ყაველაშვილი ეუბნებოდა ტრიბუნიდან ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ვაშაძეს, გვარამიას და სხვებს: არჩევნებში იმონაწილევეთ და გამოგიშვებთო, მაგრამ ახლა, ამ უზნეობასა და თვალთმაქცობაზე კი არ მინდა ყურადღების გამახვილება, სულ სხვა რამის თქმა მსურს:
ნათლისღების ლიტურგია საკათედრო ტაძრებში გამთენიისას დასრულდა, ზოგ მცირე ტაძარში დილით დაიწყო და შუადღისას დასრულდა. მორწმუნე ხელისუფლებამ ლიტურგიის დასრულებისთანავე არ უნდა უთხრას ხალხს, ვის იწყალებს და ვის-არა? მაგრამ არა! პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენ ეს განზრახ გააკეთეთ! თქვენ ამით ადამიანებს დამატებით გულს უხეთქავთ! შიშს ნერგავთ! სინამდვილეში კი- გვაწამებთ და მონებივით გვექცევით!
ირმა ინაშვილი,
თბილისი, 2026 წლის 23 იანვარი“














კომენტარები