ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის, პროფესორ ზურაბ გურულის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის” საქართველოში შემოტანა უშედეგო იქნება. ვინიდან, პრეპარატმა ვერანაირი არსებითი კლინიკური უპირატესობა ვერ აჩვენა და ის აღარ ითვლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად, განსაკუთრებით კი მძიმედ დაავადებულ პაციენტებში.
„ჩვენ ეს ინფორმაცია თავიდანვე მივაწოდეთ შესაბამის, პასუხისმგებელ პირებს, მათ ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ის, რომ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, ეს სცდება ჩემ კომპეტენციას. თავად უნდა გადაწყვიტონ და ალბათ აქვთ თავიანთი არგუმენტები, ვერაფერს ვიტყვი.
მესმის, რომ ,,რემდესივირი” იყო საკმაოდ პოპულარული რამდენიმე თვის უკან, მაგრამ პრეპარატმა ვერანაირი არსებითი კლინიკური უპარატესობა ვერ აჩვენა.
მე მთავრობის სხდომაზე ჩართვისას, ხმამაღლა ვთქვი, რომ არ აქვს ,,რემდესივირის” შემოტანას აზრი და ნუ შემოიტანთ, იმიტომ რომ ეს კლინიკურად არ მუშაობს, პასუხი იყო დუმილი. მესმის, რომ ამაზე უცებ არ ექნებათ პასუხი, მე არ ვიცი რა ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, ,,რემდესივირის” შემოტანასთან დაკავშირებით, იქნებ შეუძლებელია ამ ხელშეკრულების შეწყვეტა. ეს რა თქმა უნდა, ჩემ კომპეტენციას სცდება”, – განაცხადა ზურაბ გურულმა ,,tv პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც „რემდესივირს“ საქართველოში შემოიტანენ.
კომენტარები