ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სამთავრობო არხებზე გამართულ ,,დებატებს” ეხმაურება:
,,ნუ ეხმარებით ქოცებს დემოკრატიის იმიტაციაში და სულის მოთქმაში. შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენც დაგეკისრებათ. ვინც იმას ვერ ხვდება, რატომ მოუნდათ ახლა ვითომ ტემპერატურის დაწევა და აბსოლუტურად დეჰუმანიზებული იმიჯის დარბილება, საერთოდ არ ესაქმება არაფერი პოლიტიკაში ჩემი აზრით.
აი, ამ წერტილზე უნდათ ახლა დაბალანსება, რასაც მიაღწიეს. ცოტა თვითონაც გამოიფიტნენ, თან აქამდე ჩადენილი ყველა სისასტიკის და რეპრესიების ამ დონის ნორმალიზება უნდათ, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო თავდაჯერებულად გადადგან და უფრო კარგად გაგვანადგურონ. უჯდებით დებატებში? ესეიგი ოქეია ეს ყველაფერი? ესეიგი არც ისეთი რუსები არიან? არც ისეთი სასტიკები? ანუ ნორმალურობის ფარგლებშია ეს ყველაფერი და კვერცხის ფასზე, დღგ–ს განაკვეთზე და ფაკულტეტების რაოდენობაზე შეგვიძლია ვიკამათოთ მშვიდად?
ამ რეჟიმის პირობებში რომ საქართველოს გაკოტრების, შიმშილის და იზოლაციის გარდა არაფერი ელის მერე ყოველდღე ვედებატოთ, რომ ერთი თეთრით იაფი კვერცხი ჯობია და ნახევარი პროცენტით ნაკლები დღგ? და საკუთარ კოლეგებს რას ეუბნებით, ვინც ციხეში იყო და ზოგი დღესაც ციხეშია? რას ეუბნებით იმ ხალხს, ვისაც ეს რეჟიმი არანორმალურად და დაუშვებლად რომ არ ჩაეთვალა, საერთოდ არ გამოვიდოდა ქუჩაში, არც ციხეში მოხვდებოდა, არც უზარმაზარ ჯარიმებს აიკიდებდა, არც სამსახურს დაკარგავდა და არც უამრავ პრობლემას შეიქმნიდა.
მოძალადე კაცსაც უნდა ხანდახან ნორმალიზაცია, ყოველდღე კი არ ცემს ცოლს. საღამოს რომ მაგრად დაჟეჟავს, დილით უნდა, ვითომ არაფერი, ცოლმა საუზმე მოუმზადოს სიყვარულით, ვითომც არაფერი მომხდარა. სტუმრადაც ატარებს ხანდახან და სანაცნობოში კარგ ოჯახობანასაც გაითამაშებს, ცოლის სადღეგრძელოსაც დალევს, რომ გარეთ მეოჯახე და კარგ კაცად წარმოჩინდეს.
დაუცველმა, უმწეო ქალმა შესაძლოა ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ სცენარს. მაგრამ, პოლიტიკოსი (იაგოსგირჩებს და ხალხისძალებს არ ვგულისხმობ) რომ ძალადობის მსხვერპლივით იქცევა, იმან ადამიანებს მომავლის იმედი როგორ უნდა მისცეს და ბრძოლაში როგორ უნდა გაიყოლოს?
თავისუფლების მოედნის გაძლიერება ძალიან მინდოდა. ძალიან გვჭირდებოდა, იმიტომ რომ მთავარი, რითაც ამ ეტაპზე ქოცის მიმართ დასავლეთის ზომები არ არის ისეთი კატასტროფული, როგორიც უნდა იყოს, ალტერნატივის არარსებობაა. შიდა პროტესტიც ალტერნატივის არარსებობის გამო ვერ კონსოლიდირდება და ვერ ძლიერდება. ყველა მეტნაკლებად დემოკრატიული ძალის გაძლიერებას ვგულშემატკივრობ, და რატომ უკეთებთ საკუთარ თავს ამას? რატომ ასხივებთ აბსოლუტურ უძალობას და რატომ აძლევთ ქოცებს დღის წესრიგის კონტროლის, სტრატეგიული გადამისამართების საშუალებას?
ამ ქვეყანაში პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი არც კვერცხის ფასის გამო დაწყებულა და არც სადმე ფაკულტეტების რაოდენობის გამო. კრიზისი და კატასტროფა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქოცებმა ქვეყანას საგარეო კურსი შეუცვალეს, სრულ იზოლაციაში მოაქციეს, არჩევნები გააუქმეს და დიქტატურის დამყარება დაიწყეს.
ხომ ზუსტად ვიცით, რა რიტორიკით და რა კონტექსტით ცდილობს ქოცი დასავლეთთან დაალაგოს, თითქოს აქ არაფერი დრამატული არ ხდება, ეს რაღაც შიდა პატარა პოლიტიკური აურზაურია და სიტუაციას აკონტროლებენ? რატომ ეხმარებით ამის დამტკიცებაში?
ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, სანამ ოფიციალურად გადაგვდებენ ბელორუსის კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს ჩაიქნევენ ამ ქვეყნის პერსპექტივაზე, არსებულ დიქტატურას ფაქტად მიიღებენ და თუ ჩვენთვის ოქეია ეს რეჟიმი და პროტესტის მონაწილე ტიპებს შეუძლიათ კობახიძეს სხვადასხვა თემებზე უწყინრად ედებატონ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დასავლეთი რატომ აიტკიებს თავს? კი, გამქცევებს გაქცევაში დაგვეხმარებიან, პოლიტპატიმრებიც შეიძლება გამოიხსნან ხოლმე პერიოდულად, მაგრამ დაგვიკიდებენ და შეეგუებიან ამ რეჟიმს, ამ ქვეყნის პერსპექტივა დასრულდება ათწლეულობით, თუ მთელი ძალები არ მოვიკრიბეთ ახლო მომავალში.
რატომ ეხმარებით ივანიშვილს რეჟიმის სტაბილიზაციაში, გამაგებინეთ!
P.S.დებატებში ვინ მოიგო, ვინ წააგო საერთოდ არ მაინტერესებს. და ვინც მაგას არჩევთ თქვენც მაგარი მოცლილები ხართ მგონი.“














კომენტარები