ანი დვალიშვილი
ხელისუფლება ფასების ზრდას ვერაფერს უპირისპირებს და მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ არაფერს ვაწარმოებთ. აგერ, მტკნარი და მინერალური წყლები მაინც გვაქვს ეროვნული წარმოების, მაგრამ ვერავინ გვიხსნის, რატომ ღირს თუნდაც აზერბაიჯანში და სომხეთში წყალი უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? ჰო, იმ აზერბაიჯანში, სადაც წყალი ძირითადად საქართველოდან მიაქვს და საბაჟო გადასახადის გარდა, ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება?! მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს იყო, ბიზნესის ძირითადი ნაწილი ჩინოვნიკების ხელშია და საკუთარ ჯიბეს არაფერს აკლებენ. აგერ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და ეს იგრძნო ქართველმა მყიდველმა? ვერ იგრძნო, რადგან ნავთობკომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მარაგი აქვთ და ეს მარაგი ძვირად იყიდეს, 2 თვე სჭირდება ამოყიდვას და ამ დროს, როცა ნავთობი ძვირდება, იაფად ნაყიდი მარაგი რატომღაც მეორე დღესვე თავდება და ფასს უმატებენ. იგივე ხდება თუნდაც ხორბლის მიმართლებით. უკრაინიდან და რუსეთიდან დაძრულმა ხორბლის ხომალდებმა, მსოფლიო ბაზარზე ფასი საგრძნობლად დააგდო, თანაც ახლა მოსავალი ყველა ქვეყანამ დააბინავა და ორი კვირაა, მხოლოდ ევროპის კი არა, აფრიკის ყველა ქვეყანაში პური გაიაფდა, ჩვენთან კი 10 თეთრით რამდენიმე დღის წინ დაიკლო. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრს ჰგავს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით და სავარაუდოდ, ძალიან გვიან იქნება, როცა ჩინოვნიკების ფორმაში გამოწყობილი ქორ-ვაჭრები მიხვდებიან, მყიდველი რომ აღარ დარჩება ქვეყანაში და მხოლოდ 700 ათასი სოციალურად დაუცველის იმედად რომ იქნებიან.
ჰო, სოციალურად დაუცველთა პროგრამა ცალკე თემაა. არაფერს ვამბობთ, პარლამენტში ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მეეზოვეებზე, რომელთა რიცხვმაც არნახულად მოიმატა. პრაქტიკულად ყველა მუნიცპალიტეტში, ყველა ბაღსა თუ სკვერს დაემატა მეეზოვე, რომელიც ეზოს ალაგებს. და აქამდე ნაგავში იხრჩობოდით ბატონებო, თუ მეეზოვე არ გჭირდებოდათ? მოვიკითხეთ და გავარკვით, რომ მუნიციპალურ სკვერებში არის დამლაგებელი და არის მეეზოვე. რომელსაც რა ფუნქცია აქვს, ან როგორ არის ეს ფუნქცია გადანაწილებული, ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლება გვიმტკიცებს, პროგრამა გადასარევად მუშაობს, აგერ, უკვე 40 მილიონი ლარი დავხარჯეთო. ის მაინც აგვიხსნან, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტი რატომ იხარჯება ისე, რომ არაინ იცის, რეალურად ვის რაში უხდიან თანხებს და ვისი მეეზოვე ვის სკვერშია?!
და კიდევ – პრაქტიკულად ყველა დიდი ქსელური რესტორანის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და მუშა-ხელი საზღვარგარეთიდან, ძირითადად პაკისტანიდან ჩამოიყვანოს. ისინი მზად არიან, თვეში 200-300 დოლარად იმუშაონ და რაც მთავარია, რესტორანი მათთვის ჰოსტელების ქირაობასაც უზრუნველყოფს. როგორც „ალიამ“ გაარკვია, მხოლოდ ქვედა რგოლზე კი არა, საუბარი მზარეულებზეცაა. საქართველოში შეფ-მზარეული ჯამაგირის მოთხოვნას 4-5 ათასი ლარიდან იწყებს და ჩამოსული 700-800 დოლარად იმუშავებს, თან აზიურ კერძებს, რომელიც საქართველოში პოპულარულია, უკეთესად გააკთებსო. რამდენად გამოაცხობს პაკისტანელი მზარეული ხაჭაპურს და როგორ გამოუვა შქმერული, მაგას მალე ვნახავთ. პირველ ნაკადს უკვე მომავალ თვეში ველოდებით.
კომენტარები