„სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს. ის სახელმწიფო სააგენტოში არასამთავრობო სექტორიდან გადავიდა, მანამდე კი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) საქართველოს წარმომადგელობაში რეგიონული პროექტების მენეჯერად მუშაობდა.
რა ქონებას ფლობს არასამთავრობო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადმოსული და დაწინაურებული თამარ ზოდელავა. როგორც ირკვევა, მას ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში აქვს შევსებული და 2024 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და ხარჯები აქვს ასახული.
უფრო კონკრეტულად კი თამარ ზოდელავა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობაში რეგიონული პროექტის მენეჯერად მუშაობით 2024 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 113 773 ლარის შემოსავალი მიიღო.
იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes-Benz GLA 250, რომელიც 2021 წელს 16 000 დოლარად იყიდა. ამასთან, მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, ანა კალანდაძის ქუჩაზე მდებარე 99.2 კვ.მ-ის ფართის ბინა, რომელიც თამარ ზოდელავამ 84 000 დოლარად 2011 წელს იყიდა.
ქონებრივ დეკლარაციაში ის სესხის მომსახურების სახით გასავალში 14 563 ლარს უთითებს. 2024 წელს კი თამარ ზოდელავას მოგზაურობის და დასვენების ხარჯი 7 132 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, 2025 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი ირაკლი ხმალაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სწორედის ჩაანაცვლა თამარ ზოდელავამ.
2025 წელს სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარა. სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. (ბიემჯი)














კომენტარები