რა ქონებას ფლობს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 26 იანვრის ღამის საათებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
ილია ღუდუშაურმა თანამდებობის პირის დეკლარაცია 2025 წლის მაისში შეავსო და მასში 2024 წლის ბოლოსთვის არსებული ქონებრივი მდგომარეობაა ასახული.
დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს ცოლი და ორი შვილი. ყოფილი მაღალჩინოსანი გასული წლის მონაცემებით, ფლობდა რამდენიმე კომერციულ ფართს თბილისის ცენტრალურ უბანში და წილებს სხვადასხვა კომპანიებში. უფრო კონკრეტულად კი ილია ღუდუშაურის სახელზე გაფორმებულია რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ჯამში 688 კვ.მ.-ის ფართობის 4 კომერციული ფართი, რომლებიც მან 2019 წელს 676 000 ლარად იყიდა. მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე, 2017 წელს 1 080 000 დოლარად ნაყიდი ბინა. მისი ცოლი გვანცა გამეზარდაშვილი კი ფლობს თბილისში 8 მარტის ქუჩაზე 2019 წელს 30 000 დოლარად შეძენილ სახლს და კოსტავას ქუჩაზე არსებული კომეციული ფართის 10.1%-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.
2025 წლის დასაწყისისთვის ილია ღუდუშაურს ნაღდი ფულით 10 000 დოლარის დანაზოგი ჰქონდა. მან 2021 წლის იანვარ-მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობით ხელფასის სახით 17 443 ლარი აიღო.
მას ასევე აქვს 2024 წლის ბოლოს აღებული 10 წლიანი საბანკო სესხი 150 000 დოლარის მოცულობით, რომელსაც 2024 წელს 8764 დოლარით მოემსახურა. მისმა ცოლმა გვანცა გამეზარდაშვილმა კომერციული ფართის გაქირავებიდან ჯამში 39 592 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან მას ჰქონდა 174 287 ლარის გასავალი სახლის მშენებლობაზე, რომელსაც ალეკო შენგელიას ქუჩაზე აშენებენ. ამავე პერიოდში გვანცა გამეზარდაშვილმა კომპანია SEKA MOVING AND STORAGE-ში კაპიტალი 450 000 დოლარით შეავსო. კომპანია „ჯიაითი, ვილქონენში“ კი კაპიტალი 225 000 დოლარით შეიმცირა.
ილია ღუდუშაური წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს. ის შპს აპექსი საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე შპს პადელბადეს – 10%-იანი წილის, შპს თრუსოს 50%-იანი წილის, “ეშუარენს ენდ ქონსალთინგ გრუფის” 49%-იანი წილის, შპს ალექს-ჩერის 16.3%-იანის წილების მფლობელია.
სხვადასხვა კომპანიებში წილებს ფლობს ასევე მისი ცოლი გვანცა გამეზარდაშვილი. შპს ვილქომენ 80%-ს, შპს ჯიაითიი 70%-ს, შპს ილდა 25-ში – 50%-ს, შპს ჯი ჯი ლეგალში – 50%, შპს SEKA MOVING AND STORAGE USA NEW JERSEY 59 Distribution BLVD – 70%-ს.(ბიემჯი)














კომენტარები