შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები.
შსს აცხადებს, რომ ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
“ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს”, – წერს უწყება.
უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1200 ადამიანი.
ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.
კომენტარები