18 ნოემბერს, კიევის საქალაქო სასამართლოსთან „კანონიერი ქურდი“ ირაკლი მალანია რომ ჩაცხრილეს, კარგად მოგეხსენებათ, „ალიამ“ ამ თემაზე ექსკლუზიურ დეტალები მოიპოვა. მძიმედ დაჭრილი მალანია, დღეის მდგომარეობით, რეანიმაციაში იმყოფება.
„ეს იმდენად მოულოდნელი და თავხედური თავდასხმა იყო, მალანიას გარემოცვამ ჩათვალა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, ეთქვათ, რომ ვითომ ირაკლი გარდაიცვალა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა გადარჩენის იმედს არ ვკარგავთ. მას სამართალდამცავები ცალკე იცავენ და მეგობრები ცალკე. ამ ყველაფრის ორგანიზება კი თავიდანვე შეუძლებელი იყო. ამიტომ ითქვა ის, რომ თავდამსხმელებმა საწადელს მაღწიეს. ახლა კი, თავდამსხმეებს ჩვენც ვეძებთ და სამართალდამცავებიც“,- უთხრა „ალიას“ უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.
მისივე თქმით, მალანიას მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ თავდასხმის ორგანიზატორებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანი ძმებ ფეიქრიშვილებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობისთვის საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს, მოგვიანებით კი ამ აფეთქების შემკვეთად ვახტანგ ყიფიანი დაასახელეს და ისიც დააკავეს. ოფიციალურად, როგორც ფეიქრიშვილები, ისე ყიფიანი ყველაფერს უარყოფენ. ფეიქრიშვილები ამბობენ, რომ დაკავებულებიდან არცერთს არ იცნობენ, იგივეს ამბობს ყიფიანიც და რაც მთავარია, ყიფიანის მიმართ პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ის ციხეში ზის და ბრალდებას იმედი აქვს, რომ წარდგენილი ბრალის დამტკიცებას შეძლებს.
მალანია უკრაინაში ყიფიანის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა და თუ ლოგიკას გავყვებით, ფეიქრიშვილები ყიფიანის გარემოცვის განადგურების წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ. მეორეს მხრივ, იგივე მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოვებულ პირადაც ითვლება და მიშას კიდევ ყიფიანი პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული. ასეა თუ ისე, მალანიას მკვლელობის მცდელობის შემკვეთებს პრაქტიკულად, მთელი კრიმინალური სამყარო ეძებს და თუ იპოვნიან, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებათ, ვინც არ უნდა იყოს ან იყვნენ ისინი.
კომენტარები