ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრი, 55 წლის ზურაბ მებონია გულის შეტევით გარდაიცვალა.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული ზ.მ. (დაბ. 1963 წ.) 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს საქართველოს ს.ს.კ. 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
“პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, 2018 წლის 6 აგვისტოს გაეწია ოჯახის ექიმის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი – ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე მე-3, მე-4 ხარისხი. დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე პერიოდულად უტარდებოდა არტერიული წნევის მონიტორინგი და მიეწოდებოდა წნევის მარეგულირებელი პრეპარატები.
ბოლოს ოჯახის ექიმის გეგმიური კონსულტაცია 2020 წლის 2 მარტს ჩაუტარდა. კვლავ დაესვა დიაგნოზი-ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე მე-3, მე-4 ხარისხი. ამის შემდეგ მსჯავრდებულს პერიოდულად კვლავ უტარდებოდა არტერიული წნევის მონიტორინგი და ღებულობდა წნევის მარეგულირებელ პრეპარატს (ლორისტა) და ანტიკოაგულანტებს.
2020 წლის 12 აგვისტოს 21:14 სთ-ზე მსჯავრდებული გახდა შეუძლოდ, რის გამოც მისმა თანამესაკნეებმა გამოიძახეს ექიმი. საკანში 21:15 სთ-ზე ექიმის შესვლისას მსჯავრდებულს პულსი არ ესინჯებოდა და დაუყოვნებლივ დაეწყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და 21:30 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„რეზონანსი“
კომენტარები