სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა.
12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.
„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.














კომენტარები