თამო კეშელავა, „ალია“
„ალიას” ესაუბრება ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული.
– რა იცით ახალ შტამზე? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ომიკრონი ძალიან მცირე დროში გამოცხადდა საშიშ შტამად, რა არის ამის მიზეზი? რითი განსხვავდება წინა შტამებისგან?
– ახალ შტამზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. სამხრეთაფრიკული არასწორად ჰქვია, რადგან ბოტსვანადან მოდის. სამხრეთ აფრიკა რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და შესაბამისად, მეცნიერულად მათმა ინსტიტუტებმა გამოიკვლიეს ახალი მუტაცია. თავად სამხრეთ აფრიკაში ჯერჯერობით კატასტროფა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო, განსაკუთრებით აუცრელ პოპულაციებში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ საგანგაშო ინფორმაცია ამ ახალი ვარიანტის მძიმე კლინიკურ მიმდინარეობაზე; თუმცა, მისი გავრცელება ბევრად უფრო სწრაფია, ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მწარე მაგალითები აქვს წარსულიდან, როცა აშკარა საფრთხეებზე რეაგირება დააგვიანეს და ამჟამად, როგორც ჩანს, სწრაფი რეაგირება ამჯობინეს. გადაწყვეტით მაინც ალბათ 2-3 კვირის შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი.
– ამ ეტაპზე, ზუსტად ვერ მეტყვით, ვიცი, იმოქმედებს თუ არა ამ შტამის საწინააღმდეგოდაც არსებული ვაქცინები, რადგან, ჯერ კიდევ იკვლევენ, მაგრამ, რა პროგნოზები კეთდება ამ კუთხით უცხოეთში? განსაკუთრებით შეაშინა ადამიანები ისრაელის განცხადებებმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია იქ ვაქცინირებულთა რიცხვი, ისრაელი აცხადებს, რომ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართო.
– ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა, თუმცა ლოგიკურია იმის სპეკულირებაც, რომ აუცრელებზე უკეთესი შანსები აცრილებს ექნებათ. ისრაელს რაც შეეხება, ისინი სამხედრო სისწრაფითა და სიზუსტით მოქმედებენ; არ ელოდებიან სანამ ქვეყანა გაევსებათ უცნობი მუტანტი ვირუსით და კრიზისი შეიქმნება. მკვეთრი, რადიკალური ჩაკეტვებით რამდენიმე კვირაში მოახერხებენ ინფიცირებულთა იზოლაციას და თავიდანვე კონტროლის ქვეშ მოაქცევენ ვირუსის გავრცელების ტემპებს. ამასობაში გაირკვევა სხვა დეტალებიც და დანაკარგები მინიმალური ექნებათ. ეს გახლავთ გასამხედროებულ ყაიდაზე მოწყობილი, დისციპლინირებული საზოგადოების გონივრული ტაქტიკა.
– საქართველოში ჩავარდა ვაქცინაციის გეგმა, მიუხედავად ამისა, დამატებით რეგულაციებზე არ არის საუბარი. რამდენად სწორია საქართველოს გადაწყვეტილება არ შეიმჩნიოს აუცრელი მოქალაქეების ფონზე, რეგულაციების არარსებობა და არსებული რეგულაციების არშესრულება? სადამდე მიგვიყვანს ეს? რას გვირჩევთ?
– საქართველო იმედია, აფრიკიდან უშუალოდ და ტრანზიტით შემოსულ ტურისტებს მაინც გააკონტროლებს. პროაქტივობა, ანუ წინასწარი, პრევენციული აქტივობა კრიზისების თავიდან ასაცილებლად, ნამდვილად არ წარმოადგენს ქართულ ნოუ-ჰაუს, ამიტომ, დიდი ალბათობით საქართველო დააკვირდება მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას. საზოგადოებას ვურჩევ, მაქსიმალურად მოერიდონ თავყრილობებს, წესიერად ატარონ ნიღაბი, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და რაც მთავარია, აიცრან, აიცრან ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება კიდევ ერთი მომაკვდინებელი ტალღა ნაახალწლევს.
– მწვანე პასპორტი ორი გვექნება, საშინაო და საგარეოო და თუ 6 თვის მერე კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი აღარ აქვთ, რას ემსახურება ეს საშინაო, უვადო მწვანე პასპორტი? ჩათრევას ჩაყოლა არჩია ხელისუფლებამ და რაკი ვერ/არ მოერია აცრის პროცესს, გადაწყვიტა, ბარემ, პანდემიაც მის ნებაზე მიუშვას?
– ქართული „მწვანე პასპორტი“ დაახლოებით ისევე ეფექტური და გონივრულია, როგორც საქართველოს ქალაქების ქუჩების რეცხვა საპნიანი წყლით; ანუ ილუზიის შექმნაა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი კეთდება. აი ეს კი ნამდვილად წარმოადგენს თანამედროვე ქართულ ნოუ-ჰაუს. ყველაფერს ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ. თუ ისინი ილუზიას რეალობად გვასაღებენ და ჩვენ ამ ილუზიას არ ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ მასში ცხოვრებას, ესეიგი, ერთმანეთს ვიმსახურებთ.
– ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ, ხალხში ხმა გავარდა, პრემიერი ანტივაქსერია და ანტივაქსერებო, თქვენკენაა, თქვენიანიაო, ახლა ვხედავ, როგორ აქებენ და ადიედებენ ანტივაქსერები ჯანდაცვის მინისტრს, ეგეც ჩვენიანი ყოფილა, მეორე დოზით არ იცრებაო…
– რაც შეეხება საქართველოს პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს, ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ იმ ძალის მიმართ, რომელმაც უზრუნველყო მათი მოხვედრა ამ თანამდებობებზე; შესაბამისად, ისინი იმოქმედებენ მხოლოდ ამ პოზიციიდან.
კომენტარები