ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ჩავედით კიევში კოლეგა საქართველოს პარლამენტარებთან ერთად გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი შეხვედრას მართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.
აღნიშნულის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩავლენ.
ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, სამძიმარს გამოთქვამენ დაღუპულების გამო. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
კომენტარები