რეპორტიორები საზღვრებს გარეშე 2026 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველო მონიშნულია, როგორც მძიმე მდგომარეობის მქონე ქვეყანა.
ჩვენი ქვეყნის პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა და 135-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს საქართველო 114-ე ადგილს იკავებდა.
- საქართველო რეიტინგში თავის საუკეთესო შედეგს 2019-21 წლებში აჩვენებდა, როდესაც მე-60 ადგილს იკავებდა, საიდანაც მას შემდეგ 75 ადგილით ჩამოქვეითდა. ახლა კი ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად, საქართველო მათ შორისაა, სადაც პოლიტიკური ცვლილებებისა და მზარდად რეპრესიული რეჟიმების გამო, პრესის თავისუფლება ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა.
RSF წერს, რომ ჟურნალისტები საქართველოში ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმისა და დაშინების მსხვერპლნი, რაც ხშირად დაკავშირებულია პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებთან.
ანგარიშის თანახმად, რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გამძაფრდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება კვლავ არაეფექტურია, რაც აძლიერებს დაუსჯელობის ატმოსფეროს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემოს გაუარესება გახდა მთავარი დაბრკოლება დამოუკიდებელი რეპორტაჟებისთვის და ხელს უწყობს ფართოდ გავრცელებულ თვითცენზურას.
„ოფიციალური პირების მხრიდან ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი მედიისთვის გარემო კვლავ მტრულია, რაც ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით გამოიხატება.
„უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მეტად ახდენს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, მათ ცენზურის საფრთხის წინაშე აყენებს და მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფალი სიტყვის სივრცეს“.- წერს ორგანიზაცია საქართველოს შესახებ.
„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია გლობალურ მოვლენად იქცა. პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული ხუთი მაჩვენებლიდან – ეკონომიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების, პოლიტიკური და სოციალური გარემო – წელს ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა, განსაკუთრებით ინდოეთში, ეგვიპტეში, ისრაელსა და საქართველოში.
პოლიტიკური კონტექსტი
მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, სადაც მფლობელის ცვლილების შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა. მსგავსი ვითარებაა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ (GPB) დაკავშირებითაც, რომელშიც ხელისუფლება ერევა.
გაფართოებული რეგულაციები ახლა ხელისუფლებას მედიის შინაარსის კონტროლის საშუალებას აძლევს, რაც ცენზურის რისკს ზრდის. რეგიონული და სათემო რადიოსადგურებს დაფინანსების პრობლემები აქვთ, მაშინ როდესაც ბეჭდური მედიის მკითხველი მცირდება, ხოლო ონლაინ გამოცემების პოპულარობა იზრდება.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.
პოლიტიკური კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიებს ფლობას უკრძალავს, მსხვილი მედიები, როგორც წესი, პოლიტიკასთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომლებშიც ხელისუფლება ერევა. მთავრობა სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას.
RSF წერს, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
საქართველოში სამართლებრივი გარემოს (-11 პუნქტი) მკვეთრად გაუარესება, RSF-ის თანახმად, განპირობებულია ისეთი შემზღუდავი კანონების მიღებითა და მათი ბოროტად აღსრულებით, როგორიცაა კანონები „უცხოური აგენტების“, მედიის დაფინანსების, აუდიოვიზუალური რეგულირებისა და ონლაინ მედიის შესახებ.
სამართლებრივი ჩარჩო
წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს, ხოლო კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ პატიმრობით ემუქრება.
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და აფართოებს მარეგულირებლის უფლებამოსილებას, შეაფასოს სამაუწყებლო შინაარსის სიზუსტე და მიუკერძოებლობა. ამ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. ცვლილებებმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაასუსტა ჟურნალისტური წყაროს დაცვის მექანიზმები.
ორგანიზაცია საუბრობს სარეკლამო ბაზარზეც საქართველში – RSF მიუთითებს, რომ ნაკლებად განვითარებული სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მცირდება ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დონორების მიერ ფინანსდება (როგორც წესი, დასავლეთიდან).
ეკონომიკური კონტექსტი
უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მკვეთრად გააუარესა დამოუკიდებელი მედიების ფინანსური მდგრადობა. მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლასთან და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მედიისთვის მინიჭებულ უპირატესობებთან ერთად, ეს ზომები ამახინჯებს კონკურენციას და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი გამოცემების გადარჩენას.
სოციოკულტურული კონტექსტი – ანგარიშში წერია, რომ ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზე.
ჟურნალისტები, რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ შევიწროებასა და ზეწოლას განიცდიან. თვალთვალის პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები ძირს უთხრის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო რეპორტაჟებს და ზღუდავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ჟურნალისტიკას.
უსაფრთხოება – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ ჟურნალისტები ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმისა და დაშინების მსხვერპლნი, რაც ხშირად უკავშირდება პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებს.
რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტურია, რაც აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს. გაუარესებული უსაფრთხოების გარემო არის მთავარი დაბრკოლება დამოუკიდებელი გაშუქებისთვის და ხელს უწყობს თვითცენზურას.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრობაშია ერთი ჟურნალისტი — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე ამბობს, რომ მის პატიმრობას რეალური გავლენა ჰქონდა საქართველოს შედეგების გაუარესებაზე
„ეს ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე დიდი კლება გვაქვს. ამის მიუხედავად, საქართველოს ვარდნა მხოლოდ ერთი შემთხვევით ვერ აიხსნება. მის გარეშეც ქულები მნიშვნელოვნად დაეცემოდა, რადგან ჟურნალისტებისთვის საერთო გარემო ყველა მიმართულებით უარესდება. ამაღლობელის საქმე ამ ტენდენციას ასახავს. იგი გახდა იმის სიმბოლო, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ და სასამართლო ინსტრუმენტებს ჟურნალისტების დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება არ არის ერთადერთი მიზეზი, ის არის ამჟამინდელი უკუსვლის ძლიერი სიმბოლო და დამაჩქარებელია. შესაბამისად, მისი გათავისუფლება იქნებოდა ძლიერი პოზიტიური სიგნალი, თუმცა, თავისთავად, ეს არ იქნება საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად“, — აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.
ჟან კაველიეს აზრით, არსებობს რამდენიმე გადაუდებელი და კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას სიტუაციის გასაუმჯობესებლად:
- გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ყველა დაუსაბუთებელი ბრალდება ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც საპროტესტო აქციებს აშუქებდა და ხშირად იდევნება ისეთი საეჭვო ბრალდებებით, როგორიცაა „გზის გადაკეტვა“;
- გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს შემზღუდავ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური აგენტების“ კანონს და წესებს, რომლებიც უცხოური დაფინანსებისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს. ეს კანონები ბუნდოვანია და RSF-ის აზრით, აშკარად გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის დასახრჩობად;
- აღადგინოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა — „მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც RSF-ის მიერ პრესის თავისუფლების „მტაცებლად“ არის მიჩნეული, უნდა შეწყვიტონ გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე, მათ შორის სასამართლოზე, კომუნიკაციების კომისიასა (ComCom) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სულ უფრო მეტად იქცევა ხელისუფლების რუპორად“;
- პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული და უპასუხისმგებლო რიტორიკა.
პრესის თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილებს ევროპული ქვეყნები იკავებენ ამ თანმიმდევრობით: ნორვეგია, ნიდერლანდები, ესტონეთი, დანია, შვედეთ, ფინეთი, ირლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, პორტუგალია.
მოლდოვა პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 31-ე ადგილზეა, უკრაინა – 55-ე ადგილზე, სომხეთი – 50-ზე, რუსეთი კი – 172-ზე.
RSF-ის ხუთი მთავარი დასკვნა ასეთია:
- მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და ტერიტორიის საშუალო ქულა არასოდეს ყოფილა ასე დაბალი. ინდექსის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, დედამიწის ქვეყნებზე მეტი ვიდრე ნახევარი ახლა პრესის თავისუფლების მხრივ „რთულ“ ან „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიებშია.
- პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული წელს ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა.
- აშშ შვიდი ადგილით დაეცა, ხოლო ამერიკის სხვა ქვეყნები, მაგალითად ეკუადორი და ვენესუელა რეიტინგში მკვეთრად ჩამოქვეითდნენ.
- ნორვეგია ზედიზედ მეათე წელია, პირველ ადგილზეა, ხოლო ერიტრეა ზედიზედ მესამე წელია — ბოლოზე.
- ასადის შემდგომმა სირიამ 2026 წლის ინდექსში ყველაზე დიდი გაუმჯობესება აჩვენა — რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა.
















კომენტარები