შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორც ვაქცინების შესყიდვაზე, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ეს კომისია უზრუნველყოფს ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოსატანად და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე.
კომენტარები