დღეიდან, 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ.
პოლონეთში ე.წ. “განცხადების საფუძველზე დასაქმების” (oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) მექანიზმი დღეს გაუქმდება.
პოლონეთში დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებს მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურით შეეძლოთ პოლონეთში დასაქმება.
1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
სომხეთის რესპუბლიკა
ბელარუსის რესპუბლიკა
მოლდოვას რესპუბლიკა
უკრაინა
პოლონეთმა ამ სიიდან მხოლოდ საქართველო ამოიღო.
ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:
გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.
რეგულაცია, რომლის სრული სახელწოდებაა „ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლოა შეეხოს უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება და სეზონური სამუშაოს ნებართვის ზოგიერთი დებულება“, გამოქვეყნდა პოლონეთის რესპუბლიკის კანონების ჟურნალში (Dz. U. poz. 1617) 2025 წლის 25 ნოემბერს.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი წლის განმავლობაში მუშაობას სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწეოდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა.
ჯამში 2024 წელს 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47 086 საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს.
bm.ge ცვლილებების დაანონსების შემდეგ, საქართველოს ოფიციალურ უწყებებთან და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ცდილობს გაარკვიოს, საქართველოს რამდენი მოქალაქეა დასაქმებული პოლონეთში ამ დრომდე არსებული მექანიზმით 2025 წლის 10 თვის მონაცემებით.














კომენტარები