მიანმარში, ქალაქ მანდალაიში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა. ბავშვი მიანმარის მოვლენების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
მსხვერპლის ოჯახის ცნობით, 7 წლის ხინ მიო ჩითი სახლის ჩხრეკის დროს მოკლეს. გარდაცვლილის დის ცნობით, პოლიციამ მათი სახლის კარი ჩხრეკის მიზნით შეანგრია.
“როდესაც კარი შემოანგრიეს, მამაჩემს ჰკითხეს, კიდევ ვინმე თუ იყო სახლში”. – უთხრა გარდაცვლილის დამ BBC-ის. მისი თქმით, პოლიციამ მამამისს არ დაუჯერა და ჩხრეკვა დაიწყო, როდესაც ხინ მიო ჩითი მამისკენ გაიქცა. პოლიციელები შემობრუნდნენ და ბავშვს ესროლეს.
მიანმარის სამხედრო ხუნტას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ადამიანის უფლებათა ჯგუფის, გადაარჩინე ბავშვების ცნობით, მიანმარის პოლიციას 20-ზე მეტი ბავშვი შემოაკვდა.
მიანმარის დემონსტრაციების მსხვერპლი უკვე 250-ს აღემატება.
სამშაბათს, 23 მარტს, მიანმარის სამხედრო ხუნტამ მწუხარება გამოთქვა დემონსტრანტების სიკვდილის შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაში თავად ისინი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები