დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცრება AstraZeneca-ს ვაქცინით.
„იმედია, ჩემი კოლეგები კარგად აცნობიერებენ, რა რისკზე მიდიან პაციენტებთან მუშაობისას. მე, როგორც ექიმი, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე ისე მოვიტანე თავი, რომ არ დავიფინცირებულვარ. აქედან გამომდინარე, მი მიწევს აცრა და პირველი შესაძლებლობისთანავე დავრეგისტრირდები და ავიცრები“, – განაცხადა იმნაძემ.
მან ასევე ისაუბრა რამდენიმე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით დროებით შეჩერებაზე და განმარტა, რომ კონკრეტული გართულებები პაციენტებთნ დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ არა ვაქცინაციის გამო.
„რამდენიმე ქვეყანაში რამდენიმე პაციენტთან ვაქცინაციის შემდეგ, და არა ვაქცინაციის გამო ჯანმრთელობა გაუარესდა და ამიტომ შეჩერდა ვაქცინაცია. სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების რაოდენობისგან. ამაზე უკვე გამოაქვეყნეს დასკვნები ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმომ. არ შეუჩერებია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას და ასეთი რაღაცები კიდევ მოხდება. გახსოვთ, Pfizer-ზე რა ამბავი იყო გატეხილი, როცა ნორვეგიაში 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, თუმცა ფაქტია, რომ გამოყენებულია უკვე ათობით მილიონი დოზა. თუ ადამიანს რაღაც დაავადება აქვს და ვაქცინაციის შემდეგ ის დაავადება განუვითარდება – ეს ვაქცინა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს და არა სხვა დაავადებებისგან. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები შავით თეთრზე წერია, რომ თუ ადამიანთან სხვა დაავადება ვაქცინაციის შემდეგ განვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამო მოხდა“, – განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები