საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. მან განაცხადა, რომ სამივე მათგან იცნობდა, განსაკუთრებით ბახვა ჩიქობავას და სირცხვილია, როცა მას საკუთარი ქვეყანა სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებს.
“ამ ყველა ადამიანს ჰქონდა ამ პროკურატურის მიერ, ბახვა ჩიქობავას თუნდაც, საბრალდებო დასკვნა და ის დღეს აქ უნდა იჯდეს ციხეში, სადაც მე ვზივარ. მან ამჯობინა მტერთან ბრძოლაში სიკვდილი და გმირად შესვლა ისტორიაში. ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა სისხლის სამართლის დამნაშავედ, ფუი იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ, იმისათვის, რომ მათ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, მაშინ, როცა კრიმინალები ბაირამობენ წყნარად ქუჩაში და რუსეთის დროშებს აფრიალებენ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, უკრაინელები “მაგრად დგანან” ქართველებთან ერთად და უკრაინა ამ ომში იმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 100 წელი აღარ გაიხსნება ისეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორიც ახლა.
ცნობისთვის, 19 მარტს ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვის დროს მოკლეს. ის საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო და ბოლო წლებში უკრაინაში, აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა.
კომენტარები