ნანა სულავა
„მიშა გამოუშვით!“ – ამ მოთხოვნით წინა კვირას წალენჯიხაში იმაზე შედარებით მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე დედაქალაქსა და რეგიონებში შეკრებილან… ახლა ვინც ამ სამარცხვინო მიტინგზე იდექით, გეკითხებით, რით მოიგო ამ მსოფლიო დონის აფერისტმა პოლიტიკანმა თქვენი გული? შემთხვევით იმით ხომ არა, „ვარდების რევოლუციის“ დროს რომ შეგპირდათ, შევარდნაძეს დავამხობ და მის რეჟიმს გავასამართლებო? რა, დანაპირები შეგისრულათ? სააკაშვილის ავტობუსების კოლონას წალენჯიხის მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში რომ მოჰყვებოდით, რადგან დაგარწმუნათ, რომ დამნაშავეები, ისინი, ვინც წალენჯიხა სისხლში აბანავეს, დაისჯებოდნენ, ახლა მაინც ხომ უნდა აღიაროთ, რომ მოგატყუათ და ისე ჩამოგიყვანათ თბილისში? წალენჯიხის დაბომბვის ბრძანების გამცემი შევარდნაძე სააკაშვილმა პრივილეგირებულ პენსიონერად აქცია და კრწანისის ულამაზეს ადგილას დაუთმო დიდი სამთავრობო ობიექტი, საგვარეულო საფლავებიც მოუწყო. რა უნდოდა მამათელ შევარდნაძეს კრწანისში? რა, კრწანისის ბრძოლის გმირი იყო? თქვენი გამკვირვებია! ნუთუ, დაგავიწყდათ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ტყვიებისა და რაკეტების მსროლელებს ბენზინით სავსე ავზი რომ მიატანინეს ვერტმფრენებით უზენაესი საბჭოს შენობასთან? ნუთუ, დაგავიწყდათ, გიგა ბოკერიას კუდში რომ დასდევდა მიხეილ სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე? ნუთუ, დაგავიწყდათ, ბოკერია და სააკაშვილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის გამართვის ჩაშლაში რომ მონაწილეობდნენ? ნუთუ, დაგავიწყდათ, სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას „კავკასიის ჰუსეინი“ რომ უწოდა და როგორც ჰუსეინი ჩამოახრჩვეს, ისე უნდოდა გამსახურდიას ჩამოხრჩობა? ნუთუ, ისიც დაგავიწყდათ, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე იმ ბრბოსთან ერთად იდგა სააკაშვილი, ვინც გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდა?! სააკაშვილმა მწარედ მოგატყუათ. მან პასუხი არ აგებინა ე.წ. სახელმწიფო საბჭოს, რომელმაც წალენჯიხა დამრტყმელი შვეულმფრენებიდან რეაქტიული ჭურვებით დააბომბინა და დახოცა ადამიანები, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მებრძოლები. ამ დანაშაულობის ჩამდენები არავინ გაასამართლა. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 11 მარტს პარლამენტს უკვე ჰქონდა მიღებული დადგენილება, რითაც დაგმო 91-92 წლების ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელწიფო გადატრიალება. ჰოდა, ახლა როგორ დადექით სააკაშვილის გენერალ დევი ჭანკოტაძის გვერდით, რომელმაც რუსთაველზე პირველი ზარბაზანი შემოაგორა და უზენაეს საბჭოს ჭურვები ესროლა, თბილისი ამობუგა?! რა, ამ ბოროტების ავტორთან გარიგდით? წარმოდგენაც არ გაქვთ სამართალზე და გაჰყვირით, მიშა გამოუშვით, მიშა გამოუშვითო. მაშინ, გამოდის, რომ თქვენც პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელები ხართ, რადგან, ვინც მას ტყვიას და ჭურვს ესროდა, ზუსტად იმათი პოლიტიკური მოკავშირეები გახდით. ისე გიქნიათ, პოლიტიკურ სამარემდე გაყოლიხართ მიშას, მაგრამ „ზვიადი, ზვიადის“ ნუ გაიძახით! სააკაშვილმა საქართველოს საზოგადოება არაერთხელ მოატყუა. თუნდაც მაშინ, როცა 2004 წელს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ზვიად გამსხურდიას გარდაცვალების მიზეზები. კომისიის წევრები იყვნენ: ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებსაც უნდა გამოეძიათ პრეზიდენტის მკვლელობა და სხვა დანაშაულობები, რომელიც ხუნტამ ჩაიდინა. კომისიამ კი ისე შეწყვიტა მუშაობა, რომ არაფერი გააკეთა. ახლა ევროპული სოციალიზმის მტერი, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ თურმე, 2008 წლის აგვისტოს ომი გამოსაძიებელიაო. რატომ ლაპარაკობს ფრიდონ ინჯია სხვის ცოდვებზე? თავის ცოდვებზე რატომ ხუჭავს თვალს? ფრიდონ ინჯია არ იყო, პუტჩისტებს, კიტოვანს და სიგუას თბილისის ზღვაზე სატელევიზიო მოწყობილობები რომ დაუმონტაჟა და მისცა მათ საშუალება, პროპაგანდა და აგიტაცია ეწარმოებინათ? აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ცნობილი მსახიობის იპოლიტე ხვიჩიას კინოპერსონაჟი, კუჭკუჭი რომ ამბობს: „ჩვენ ვიღა გაგვასამართლებსო?“ სხვა ხუნტისტები და მათ მიერ დანიშნული მინისტრები გადანაწილებულები არიან უმაღლეს სასწავლებლებში და ტვინს უწამლავენ სტუდენტებს. და ეს სამარცხვინო პროპაგანდისტები დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ყბედობენ, უტიფრად პრეზიდენტ გამსახურდიას ქებასაც კი არ ერიდებიან.
წალენჯიხელებო, ამ ადამიანების წინააღმდეგ რატომ არ აწყობთ მიტინგებს, ფაშისტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის რომ იბრძვით! სააკაშვილმა სახელმწიფო საბჭოსა და ხუნტის მიერ დანიშნულ მინისტრებს ხელი არ ახლო, როცა სხვები ციხეებში შეყარა, გაძარცვა ისინი და შემდეგ გამოუშვა ციხიდან. ეს იმიტომ, რომ ხუნტის მინისტრები მასთან მანამდე იყვნენ გარიგებულები, სანამ სააკაშვილი დაჭერების სერიას დაიწყებდა.
დაბოლოს, წალენჯიხის აქციის მონაწილეებო, ვისაც საბჭოთა სკოლა გაქვთ დამთავრებული, ხომ გაქვთ ნასწავლი, მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლაველი, ბერძენი და ალბანელი პარტიზანების ლოზუნგი: „სიკვდილი ფაშიზმს, თავისუფლება – ხალხს!“. გეკითხებით, ხალხი არ ხართ, რომ ფაშიზმის მობრუნებას ცდილობთ? არ გინდათ განთავისუფლდეთ ფაშიზმისგან? რატომ შეურაცხყოფთ იმ წალენჯიხელების ნათელ ხსოვნას, რომლებიც ხუნტას ებრძოდნენ და ხუნტამ დახოცა ისინი? ხუნტის წევრებს მფარველად რომ მოევლინა, იმ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას რატომ ცდილობთ? სააკაშვილის იდეოლოგია ფაშისტურია. იმიტომ გაგიხსნათ ოსვენციმის ციხე ახლოს, ზუგდიდში, შორს რომ არ წასულიყავით. ან ეს მიშას ქალები სამეგრელოში რა უბედურებაა! ტირან შევარდნაძეს რომ დასდევდნენ ე.წ. „თეთრი მანდილის“ ქალები, რომ აქებდნენ და ადიდებდნენ, მათ კერძო ანგარებითი ინტერესები ჰქონდათ, დაყვებოდნენ ზუგდიდი-თბილისის მატარებლებს და აქციებს აწყობდნენ. თქვენ კი ფაშიზმს ემსახურებით, რა განსხვავებაა? რა, ეს კოჰაბიტანტური მიტინგები თქვენი დასაქმების ადგილია?!.
კომენტარები