პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბრის აქციას აფასებს და აცხადებს, რომ მრავალრიცხოვანი მიტინგის ჩატარება “ქართული ოცნების” დამსახურებაა. ამ საკითხზე ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს რა შესაძლებლობებიც ჰქონდა 2012 წელს, ყველაფერი გაანიავა, რამაც მოქალაქეების იმედგაცრუება გამოიწვია.
“მადლობა უნდა გადაუხადონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, უამრავი შესაძლებლობა, მის წინაშე არსებული, გაანიავა. მან 1-ელი ოქტომბრის შესაძლებლობები გაანიავა და მოახერხა, რომ ოპოზიციამ ახლა ამდენი ხალხი შეკრიბა რუსთაველზე, ხალხი, რომელიც შეწუხებულია ყოველდღიურობით და უპერსპექტივობით,”- განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციას მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ხოლო მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.
კომენტარები