ქალაქ ირპინში რუსმა ოკუპანტებმა უცხოელი ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად მოკლულია ვიდეორეპორტიორი, 51 წლის ბრენტ რენო. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ჟურნალისტი. ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც ადასტურებს. მისი თქმით, სამხედროები ამ წუთებში დაჭრილი ჟურნალისტების საომარი ზონიდან გამოყვანას ცდილობენ.
“ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის წარმომადგელებსაც კი. ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე, იმ საშინელებების შესახებ, რასაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში სჩადიან.. დღეს ირპინში საყოველთაოდ ცნობილი მედიის, New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი დახვრიტეს“ – თქვა გერაშენკომ.
ამერიკული გამოცემა New York Times მოკლულ ჟურნალისტთან დაკავშირებით ინფორმაციას twitter-ზე გამოეხმაურა და წერს, რომ ის მათი ყოფილი თანამშრომელია.
„ღრმად ვწუხვართ ბრენტ რენოს გარდაცვალების გამო. ბრენტი იყო ნიჭიერი ოპერატორი, რომელიც წარსულში მუშაობდა The New York Times-ში. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მუშაობდა The Times-ში, მას არ ჰქონია ჩვენგან დავალება უკრაინაში მუშაობის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, გამოცემა განმარტვას, თუ რატომ მიიჩნიეს რენო NYT-ის თანამშრომლად.
როგორც აღნიშნულია, მას მრავალი წლის წინ გაცემული ბეიჯის მოწმობა აღმოუჩინეს.
კომენტარები