პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოირიცხა.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშია ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ვლადიმერ ღუდუშაურთან მიმართებით ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება წარადგინა, რომლის შუამდგომლობაც შემდეგ პროცესზე განიხილება.
რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია, რომ როდესაც უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, რომელიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ფულის გათეთრების და უკანონოდ დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მიზნით, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევას, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს, ეს არის ნუშის ბაღების სახლი და მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















კომენტარები