ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თავს იკლავენ სასოწარკვეთილებისგან და ამასობაში პასუხისმგებელი არავინაა – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სანატორიუმ „ქართლში” მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:
„წარმოუდგენელი რეალობა გვაქვს, როცა ადამიანმა უსამართლობის გამო მოიკლა თავი. იმის გამო, რომ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პრემიერი, კაციშვილი არ შეხვდა მათ, არადა, რამდენიმე დღეა ამ ხალხს აქვს პროტესტი. დაუჯერებელია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თავს იკლავენ სასოწარკვეთილებისგან და ამასობაში პასუხისმგებელი არავინაა. წარმოგიდგენიათ, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში იგივე მომხდარიყო, რაც საქართველოში მოხდა? მიუქსიეს პოლიციელები და არცერთი თანამდებობის პირი არ მივიდა. პირდაპირი მნიშვნელობით მიუქსიეს პოლიციელები, რომ მიცვალებული მოეპარათ ადგილიდან, რომ მერე რაღაც დასკვნები ეწერათ, რაღაცები გამოეცხოთ, რომ ეთქვათ – სხვა რამის გამო მოხდა ეს ყველაფერიო. ამასობაში არცერთი თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას არ იღებს.
გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმ კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. არჩევნები როცაა, ხომ კარგად ჰპირდებიან და ეუბნებიან ყველაფერს გავაკეთებთო, არჩევნები როგორც კი მორჩება ადამიანების ბედი აღარ აინტერესებთ. ვპირდები მთავრობას, რომ ეს კონკრეტული მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და კონკრეტული ადამიანები დასჯილები. მოვუწოდებ პროკურორებს, კონკრეტულ ადამიანებზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თვალებს დაიბნელებენ და ყურებს დაიხშობენ, მათზეც უნდა დაიწყოს დევნა სამომავლოდ, რომ არასდროს, არავინ ამ ქვეყანაში უსამართლობის გამო თავი არ მოიკლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, 52 წლის დევნილმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა სისცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასრულა. ის შენობის მე-9 სართულიდან გადახტა.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.
უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.














კომენტარები