მასწავლებლებისთვის მოსწავლის მიმართ ძალადობის გამო პედაგოგიური საქმიანობის 3-წლიანი შეზღუდვა არ ამოქმედდება. “ოცნება” აღნიშნული ნორმის ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანას აპირებდა, თუმცა საპარლამენტო განხილვისას გადაწყდა, რომ ის კანონპროექტიდან ამოიღონ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია აცხადებს, უფრო ეფექტური იქნება, რომ სამინისტრომ გაწეროს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, რაც ასეთ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმებს განსაზღვრავს. მან ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“ამაზე გუშინ სამინისტროშიც გვქონდა მსჯელობა და ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სამინისტროზე იქნება დელეგირება გაკეთებული იმისთვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზუსტად გავწეროთ დეტალებში, გაცილებით ეფექტური იქნება და ამავე დროს, მონიტორინგიც უფრო მარტივი იქნება, პრაქტიკაში დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ცვლილებებსაც უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ.
აქ არ არის საუბარი სისხლის სამართლებრივ საკითხებზე, შესაბამისად, ვფიქრობთ, უფრო სწორი მოტივაცია იქნება, თუ სამინისტროზე იქნება მსგავსი ტიპის დელეგირება. ამას მოამზადებთ და საჭიროების შემთხვევაში გაგიზიარებთ”,- თქვა მინისტრის მოადგილემ.














კომენტარები