„ალიას“ ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სკანდალურ ისტორიებს უყვება საქართველოს რკინიგზაზე, იქნება ეს წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, იმდენად, რომ მატარებელთა ნაწილით გადადგილება უკვე საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ ინტერვიუ ვრცელია და არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება, რამდენიმე ნაწილად გთავაზობთ.
„მკვლელი მატარებლები“, გმირი მემანქანეები და დაღუპული რკინიგზელები, რომლებსაც საკუთარი სიკვდილი ბრალდებათ
– რა არის დღეს რკინიგზელთა ყველაზე დიდი პრობლემა?
– მოდი, მემანქანეებით დავიწყებ, ისინი არიან გმირები! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. უპირობოდ! ამას წინათ გამოვყევი მატარებელს, მემანქანის კაბინაში ვიყავი და ვერ მოვყვები, რა ძალა დაჭირდა, რომ მოცურებული მატარებელი გაეჩერებია. აღმოჩნდა, რომ ისევ და ისევ ტექნიკური დარღვევის ბრალი იყო. მატარებელს, მის ყველა ნაწილს აქვს ცვეთის პერიოდი, რის შემდეგაც საჭიროებს ან შეკეთებას, ან გამოცვლას. ნაწილებზე არ ვსაუბრობ უკვე, ზეთი არ გამოცვლილა მატარებლებში წლებია. ფურცელზე კი ბატონო და რეალურად – არა, არაა გამოცვლილი. ამას როგორ მოვიტყუები, ექსპერტიზა ხომ ეგრევე დაადგენს? ხოდა, გაარკვიოს პროკურატურამ, მოვიდეს და ნახოს, რა სჭირს ნაწილებს, რამდენჯერაა გამოცვლილი დოკუმენტების მიხედვით და რამდენჯერ – რეალურად. საამქროს ბიჭები ასევე უპირობოდ გმირები არიან, თითო ნაწილი უკვე რამდენჯერ აქვთ შეკეთებული, „დაკერებული“, რაღაც სასწაულებრივად აწყობილი, ვერავინ დათვლის. დღეს მატარებელი თუ ემსახურება ხალხს – მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის ზურგით, ვისი ხელფასიც 1500 ლარამდეა და სწორედ ამიტომ, თითოეული რკინიგზელი გმირია.
რკინიგზელს რომ აიძულებ ელექტროკონტაქტორი, ანუ, მარტივად რომ ვთქვა, დენის კონტაქტი შეამოწმოს და გაასწოროს ჯოხით – იქ რომ გამოუსწორებელი მოხდება, ეგ უბედური შემთხვევა არაა, დანაშაულია ეგ.
– ბოლო წლებში, რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგალითად, ხანძრის გაჩენის, დიდუბეში, დაიღუპა ორი რკინიგზელი, ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, ელექტროგადამცემ ხაზზე დაიწვა ორი რკინიგზელი, მათ მუშაობის პროცესში ჩაურთო “რკინიგზამ” ელექტროენერგია და ბოძებზე, ცოცხლად დაიწვნენ – ამ და სხვა ისტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკა თავად გვიჩვენებს, რამდენად ცუდი მდგომარეობაა რკინიგზაში?
–კი. აი, ხომ არ იცით თქვენ რკინიგზელთა ცხოვრება და ზუსტად ხვდებით გარედანაც რაც ხდება. დიდუბეში, ორი რკინიგზელი რომ დაიღუპა, 2 წელი გადის და საქმე ისევ არაა გამოძიებული. არა გამოძიებული იმიტომ, რომ იქაც ტექნიკური დარღვევა იყო. ვინმე გახსენდებათ, რკინიგზის მაღალჩინოსანი, ვინც დარღვევების გამო გაათავისუფლეს? მსგავს შემთხვევაზე, ეგრვე იხსნებოდა რომელიმე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან, ახლა კი, გვაქვს ეჭვი, რომ ისევ მოკლულ ბიჭებს დააბრალებენ საკუთარ სიკვდილს. პასუხისგებას არ ვამბობ, გათავისუფლებითაც კი არავინ გაუთავისუფლებიათ. დღეს ზოგადად მინდა სურათი ვაჩვენო ხალხს და ძალიან გთხოვთ, რომ დიდუბეში მომხდარ ავარიაზე, მასალების მიხედვით, ცალკე, დამოუკიდებელი წერილი გააკეთოთ.
ქუთაისის საშინელ ამბავზე, კი, გაათავისუფლეს ერთი პირი, ისევ, ცხადია, დაბალი საფეხურიდან, რომელიც, როგორც ვიცი, მალევე გარდაიცვალა გათავისუფლებიდან. მართლა მაგ ამბავს შეეწირა და ცხადია, ყველაფერს მას დააბრალებენ. არადა, როცა ასეთი სახის სამუშაოებისას, რაც ქუთაისში კეთდებოდა, იქ ხელმძღვანელი პირი უნდა იყოს ერთი, მხოლოდ ერთი! ერთმა პირმა უნდა გასცეს ბრძანება, როდის ჩართონ ელექტროენერგია და როდის გამორთონ, როცა რამდენიმე პასუხისმგებელი პირი გყავს, ერთმა ჩათვალა, რომ დასრულდა სამუშაო, მეორეს არ დაუსრულებია, ერთმა გასცა ელექტროენერგიის ჩართვის ბრძანება და დაიწვა ორი ადამიანი ცოცხლად ელექტრობოძზე. ანუ, აქაც სამუშაოს გადანაწილებაში, დაგეგმვაში იყო პრობლემა, ზემოდან მოდიოდა პრობლემის ძირი და გაიწირნენ უბრალო რკინიგზელები.
რკინიგზის მაღალჩინოსნებს არ აინტერესებთ არც რკინიგზა, არც ხალხი, არც რკინიგზელები, მხოლოდ ფული აინტერესებთ, რომ მიხვდეთ, რამდენად შორს არიან რკინიგზისგან და რამდენად უგულოდ ეკიდებიან, ერთ ამბავს მოვყვები. მატარებელი გაჩერდა, ისევ და ისევ ტექნიკური პრობლემის გამო და ისეთ ადგილას გაჩერდა, ვაგონების კარს ვერ გახსნიდი და ისე ვერ ჩამოიყვანდი. გადაწყვიტეს „უფროსებმა“, რომ ხალხი გამოეყვანათ ასე: – ვაგონ–ვაგონ წამოეყვანათ, გამოეტარებიათ კაბინა და ბოლოს სათითაოდ ჩამოესვათ. გაჩერებულ, დახუთულ მატარებელზეა საუბარი, გამწოვი და კონდიციონერი რომ არ მუშაობს და იქედან, ხალხის სათითაოდ გამოყვანაზე. მერე კი ამ ხალხის მეორე მატარებლამდე წაყვანაზე. ვისაც ეგ აზრი თავში მოუვიდა, ის რკინიგზას საერთოდ არ იცნობს, გამოდის და არც აინტერესებს. მთელი დღე დაჭირდებოდა ხალხის ასე გადაყვანას. ვინმე, შეიძლებოდა ცუდად გამხდარიყო, ხომ არ იცი მგზავრებში რამდენს აქვს გულის, ფილტვის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა? გავგიჟდი ლამის, რომ გავიგე რა ბრძანებაა. არადა, ელემენტარულია, მოგყავს მეორე მატარებელი, ჩაუყენებ გვერდით, აღებ ორივე მატარებლის კარებებს, დებ მათ შორის ე.წ. კიბეებს და გადაგყავს პირდაპირ მატარებლიდან მატარებელში ხალხი. ბოლოს, ცხადია, ასეც მოვიქეცით და სწრაფად, უსაფრთხოდ გადავიყვანეთ ადამიანები ერთი მატარებლიდან მეორეში.
– მოდით, გულახდილად და პირდაპირ მითხარით, უსაფრთხოა დღეს მატარებლით მგზავრობა?
– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც ვეტერანი რკინიგზელი, რომ სტანდარტული ერთსართულიანი მატარებლით არა – არ არის უსაფრთხო მგზავრობა. მეტიც, – სერიოზული საფრთხეა. აი, მატარებლები, რომლებიც ემსახურებიან, მაგალითად ფოთს და ზუგდიდს. თქვენ რამდენიმე საქმე იცით მატარებლის გაჩერების, ან ცეცხლის გაჩენის და რამდენი არ გახმაურებულა, იცით? ხო, ისიც უნდა ვთქვა აქვე, რომ მატარებელი ტექნიკური გაუმართაობის გამო რომ ჩერდება – თურმე, ეგ ავარია არაა. ისიც არ იციან, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო ობიექტის მწყობრიდან გამოსვლა მისი რომელიმე ნაწილის დაზიანების გამო, – ავარიაა, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იწვევს სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას და ხიფათს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, – ავარიაა. თუ მსხვერპლი არაა, ავარია არააო, ამტკიცებენ. აბა, გამართული მატარებლები ჩერდება შუა ქუჩაში? გამართულ მატარებლებს უჩნდება ცეცხლი? მხოლოდ ნაწილზე გაქვთ ინფორმაცია, ავარიების უმრავლესობა არ ხმაურდება. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როცა ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს ერთ–ერთ სადგურთან ახლოს და სპეციალურად არ გააჩერეს, გაიარეს სადგური და ტყეში გააჩერეს, იმედით, რომ არ გახმაურდებოდა. თან სადგურზე რომ გაეჩერებიათ, ხალხი იქვე მიაწყდებოდა სალაროს და იქვე მოითხოვდა მგზავრობის ფულის დაბრუნებას, რაც არ სურდათ. როცა ვამბობ, რომ ზეთიც კი არაა შეცვლილი და რომ მემანქანეს უზარმაზარ ძალად და პროფესიონალიზმად უჯდება მატარებლის ტარება – როგორ შეიძლება იქ უსაფრთხოებაზე იყოს საუბარი?
– გამოდის, ქვეყანაში, პოტენციურად „მკვლელი მატარებლებით“ გადაჰყავთ ხალხი? და პოტენციურად „მკვლელ მატარებლებს“ ატარებენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად მემანქანეები?
კომენტარები