მწერალი, არდაშელ თაქთირიძე, სოციალურ ქლეში, წერს:
“გუშინ გამომწერეს კოვიდ-საავადმყოფოდან.
ათი დღე ვიწექი. ჟანგბადის უკმარისობით, მაღალი სიცხით, ყნოსვის და გემოს დაკარგვით, 300 შაქრით და ორჯერ სტენოკარდიული შეტევით, საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის განკუთვნილ პალატაში მომათავსეს. რომ გითხრათ, საავადმყოფოს პალატაში თავს ცუდად ვგრძნობდი-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან ორნი ჩემი მკითხველები აღმოჩნდნენ და ჭამიდან-ჭამამდე დროს ჩემი ნოველების გარჩევაში ვატარებდით.
ერთ კვირაში ტემპერატურამ დაიწია, სისხლში ჟანგბადის რაოდენობაც აღდგა, მაგრამ თავი იჩინა საერთო სისუსტემ და მეხსიერების დაქვეითებამ. ექიმმა გვითხრა – ეგ რა არის, როცა გაგწერთ, პრობლემები მერე ნახეთო. დღეს სიტყვა “მურაბა” ვერ გავიხსენე. “ჯემი” გავიხსენე, “ხილფაფა” გავიხსენე ქართულადაც და “პავიდლო” რუსულადაც, “კომპოტი” გავიხსენე, “კონფიტიურიც” გავიხსენე, აი, “მურაბა” ვერაფრით გავიხსენე კაცმა, რომელიც ლექსს ერთი წაკითხით ვსწავლობ.
სისუსტეს ხომ, ნუღარ იტყვი, ფეხზე ვერ ვდგები. წუწუნი არ მჩვევია, მაგრამ ესეც დამაწყებინა ამ შობელძაღლმა.
მოკლედ, მინდა მაღლა მთაზე ავიდე და მთელი ხმით დავიყვირო: – ძალიან ვერაგი დაავადებაა, აიცერით, აიცერით, აიცერით, თუ ღმერთი გწამთ!”
კომენტარები