სახელმწიფო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არის დადებითი და ნელ-ნელა ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება.
„რამდენი დრო დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ პირველ რიგში ანალიზებსაც მახვედრებენ, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას და ისევ ვგეგმავთ საღამოს, მერე დღეს, დილას. ასევე გეტყვით, რომ გუშინ, ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, იცით, რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა დილით ჯერ, რომ გაგვევლო დერეფანში. მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმაც მითხრეს, გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ყველაფერი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ექიმმა.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გართულებები, ექიმმა განაცხადა: „ვერ გეტყვით. ორგანიზმი არის ინდივიდუალური. ამიტომაც, ამ ადამიანსაც ვაწვალებთ, რომ ყოველდღე სისხლს ვუღებთ, რადგანაც ყოველდღე მჭირდება, რომ ვნახო თითოეული მისი მაჩვენებელი. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა წესრიგდება“.
კომენტარები