• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილის საიდუმლო ქონება – “ფლანგვის დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
17:49 04-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,331

ფოტო – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს მასალას დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ქონებაზე:

მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ქართველი სპორტმენია, რომელიც საზოგადოების მოზრდილმა ნაწილმა არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური საქმიანობით გაიცნო. ხალხის ძალად ცნობილი, ქართული ოცნების არაფორმალური ქვედანაყოფის სხვა დეპუტატებთან ერთად, იგი  რუსული კანონის მიღებისთვის იბრძოდა, მიზეზად კი გამჭვირვალეობას ასახალებდა. ამავე დროს, მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ანტისადასვლურად განწყობილი დეპუტატის და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჭვირვალეა.

მიხეილ ყაველაშვილი 2016-2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2020 წლიდან დღემდე კი X მოწვევის პარლამენტის წევრია. მიხეილ ყაველაშვილი წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” წევრი იყო, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში პარტია დატოვა და სხვებთან ერთად მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, სამუშაო გამოცდილება კი ძირითადად მის საფეხბურთო კარიერას უკავშირდება.

“აგენტების” კანონპროექტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ყაველაშვილი იყო, ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ „ეწინააღმდეგებოდა 12 რეკომენდაციის პრინციპებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. აღსანიშნავია, რომ ე.წ რუსული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ორი შვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიბადა, კონკრეტულად კი მარიამ ყაველაშვილი ინგლისში, მანჩესტერში, ხოლო გურამ ყაველაშვილი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაიბადა.

მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც “უცხოური გავლენის” კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქმიანობას არავის უზღუდავს. მისი მიზანია, ხალხმა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება. თუმცა, თავად არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და დეკლარაციაში სრულყოფილად არ ასახავს ინფორმაციას.

მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. საინტერესოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ყაველაშვილი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში სწორედ დეკლარაციების არასწორად შევსების გამო დააჯარიმა, უფრო კონკრეტულად კი მან არ დაადეკლარირა სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ. ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 2108 ლარი შეადგინა.

“ფლანგვის დეტექტორმა” გადაწყვიტა, უფრო დეტალურად შეესწავლა, თუ რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა 2016 წლიდან დღემდე მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი დეკლარაციები.

 

რა ქონებას ფლობს ყაველაშვილი?

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ქონებას მხოლოდ 2007 წელს, 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს.  დეპუტატის და ოჯახის წევრების საკუთრებაში არ ფიქსირდება არც ერთი სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება.

დეპუტატის დეკლარაცია დიდწილად ცარიელია, თუმცა რამდენად ნიშნავს ეს, რომ ის მართლაც არ ფლობს სხვა ქონებას? თუ დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტებს გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2022 წლის დეკლარაცია სრულად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.

2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოკრძალებული იყო დეპუტატის შემოსავალი, გასავალი კი ფაქტობრივად არ ჰქონია. 2021 წელს ყაველაშვილის და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარლამენტის წევრის ხელფასი იყო, რომელიც 53,449 ლარს შეადგენდა.  დეპუტატს წლის მანძილზე არ ჰქონია რაიმე სახის გასავალი. მისი და ოჯახის წევრების ანგარიშებზე დანაზოგის სახით ჯამში მხოლოდ 13,556 ლარი ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას უფრო მეტი შემოსავალი და ქონება უფიქსირდებოდა ვიდრე 2022 წელს. შესაბამისად, ყაველაშვილი იმ იშვიათ დეპუტატს შორის არის, ვისი ქონებაც არა თუ გაიზარდა წლების მანძილზე, არამედ შემცირდა.

ნავთობის ბიზნესი ციურიხში

მიხეილ ყაველაშვილმა 2009 წლის 23 ოქტომბერს სხვა პარტნიორებთან ერთად შევიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. შვეიცარიის ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის საქმინობის სფეროს ნავთობით ვაჭრობა, ნავთობის ბიზნესში ინვესტირება, ასევე ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომერციული ან ფინანსური საქმიანობას წარმოადგენდა;

მიხეილ ყაველაშვილი კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ში 24,5%-იან წილს ფლობდა, ხოლო მისი ბიზნეს პარტნიორები გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ. კომპანია GTL Oil trade and invest gmnh, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა დეპუტატისთვის მომგებიანი. 2020 წელს კომპანიამ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, გაკოტრების საფუძველზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არანაირი აქტივი არ გააჩნდა, 2021 წლის 5 იანვარს შვეიცარიის სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებით გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის სახსრების არარსებობა ლიკვიდაციის მომსახურებისთვის (“liquidation service fee”) გადასახდელად, ან სხვა კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულება.

საბოლოოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. შვეიცარიის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2023 წლის 23 მარტს, კომპანია GTL Oil Trade and Invest GmbH -ის ლიკვიდაცია მოხდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ შეძლო პროცესთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვა.

საინტერესოა, რა თანხის გაღება დაჭირდება დეპუტატას, პარტნიორებთან ერთად, აღნიშნული დავალიანების გადასახდელად და დაადეკლარირებს თუ არა ამ ინფორმაცის მიხეილ ყაველაშვილი თავის დეკლარაციაში. თუმცა, 2023 წლის დეკლარაციაში კომპანიასთან დაკავშირებული ხარჯების ხილვა

ნაკლებად სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატი უკვე 2021 წლიდან აღარ უთითებს ინფორმაციას კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ის შესახებ.

ოჯახის წევრები ქონება და კომპანიები, რომელიც დეპუტატის დეკლარაციებში არ მოხვდა

თამარ ბაგრატიონი, მეუღლე: საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კომპანიაში, შპს ჯეომაკში 40% წილის მესაკუთრე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონია. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა ლევან ბაქრაძის მიერ, რომელმაც თავისი წილებიდან 40% თამარ ბაგრატიონს 2018 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი კომპანიის წილების 40%-ის მესაკუთრეა.

მეუღლის კომპანია მიხეილ ყაველაშვილს 2019, 2020 და 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში კომპანია აღარ არის მითითებული. დეკლარაციით არ ფიქსირდება, რომ კომპანიაში წილები თამარ ბაგრატიონმა გაასხვისა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი თამარ ბაგრატიონი კვლავ ფლობს კომპანიის წილების 40%-ს. კომპანიის საქმიანობის შესახებ მითითებულია შემდეგი – რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლის მონაცემებით შპს გეომაკმა, როგორც მე-4 კატეგორიის კომპანიამ, სახელმწიფოს ანგარიშგების  პორტალზე კანონის შესაბამისად ფინანსური დოკუმენტი წარადგინა. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;

ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;

გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

შესაბამისად,  კომპანიას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა შემოსავალი და ბუნებრივია კომპანიიდან სარგებელი უნდა მიეღო მესაკუთრეებსაც. თუმცა, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში სადაც 2020 წლის განმავლობაში კომპანიიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს ასახული,  კომპანიიდან მიღებულ სარგებელში თამარ ბაგრატიონი 0 ლარს უთითებს. 2022 წლის დეკლარაციიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კომპანია საერთოდ ქრება.

მარიამ ყაველაშვილი, შვილი: ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა მიხეილ ყაველაშვილის შვილის, მარიამ ყაველაშვილის ქონებაც. აღსანიშნავია, რომ მარიამ ყაველაშვილი, ოჯახის წევრად 2016-2021 წლების დეკლარაციაში იყო მითითებული, ხოლო 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მარიამ ყაველაშვილი აღარ ფიქსირდება.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც მარიამ ყაველაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება, მან დააფუძნა კომპანია. კერძოდ კი 2022 წლის 24 მარტს მარიამ ყაველაშვილმა შპს მელთფრანჩაიზე დააარსა, რომლის 100% მესაკუთრე და დირექტორი თავად არის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაფუძნებამდე, 2020 წლის მაისიდან, მარიამ ყაველაშვილი ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული და კომპანია ამის შემდგომ დააფუძნა, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც MELT.

დასკვნა

ქართული ოცნების არაფორმალური განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ე.წ რუსული კანონის ინიცირებით  ცდილობდა და ორგანიზაციებს გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებდა. ამავე დროს, იგი თავად უარს ამბობს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. საჯარო სამსახურის ბიურომ დეპუტატის დეკლარაცია 2-ჯერ შეამოწმა და ორივე შემთხვევაში დარღვევები დააფიქსირა. 2023 წელს კომისიის გადაწყვეტილებით დეპუტატის დეკლარაცია კვლავ შეფასდება.  როგორც ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, 2022 წელს დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაში კვლავ შეინიშნება დარღვევები, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2023 წელს ბიუროს  შემოწმების შედეგად კვლავ მოუწევს დეპუტატის დაჯარიმება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო.

წყარო:

  1. მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუ: http://bit.ly/3oe9bBB

  2. მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივი დეკლარაციები: https://bit.ly/3AH73pk

  3. შვეიცარიის ბიზნეს რეესტრის ამონაწერი: http://bit.ly/3GHZfaa

  4. ამონაწერი კომპანიი ლიკვიდაციის შესახებ: http://bit.ly/3obUTBP

  5. შვეიცარიული კომპანიის რეგისტარციის ამონაწერი: http://bit.ly/3zXxwhY

  6. ფინანსური ანგარიშგების პორტალი: http://bit.ly/3ob0UP5

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved