პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ თქვა:
„გუშინდელი დღე არის გარდამტეხი საქართველოს ისტორიაში. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, რადგან პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბატალიებში ლავირებას ახერხებდა, მშვიდობისმყოფელის როლს თამაშობდა. მისი თანაზომადი ფიგურა დღევანდელ საქართველოში, ვისაც შერიგებისკენ მოწოდება შეუძლია, დიალოგისკენ მოწოდება შეუძლია, აღარავინ აღარ დარჩა, ის იყო ბოლო ავტორიტეტი ამ ქვეყანაში.
შეიძლება მეუფე შიო ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მას ჯერ არ აქვს ეკლესიის წინამძღოლის არც სტატუსი და არც გამოცდილება. არც იმ დონის ავტორიტეტია, რაც ილია მეორე იყო. იმისათვის, რომ შენს სიტყვას სიმძიმე და წონა მიეცეს, ჯერ შესაბამისი ავტორიტეტი უნდა შეიძინო.
ბოლო წლებში, როდესაც პატრიარქი უკვე, როგორც ჩანს, იმდენად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, ეკლესიაში გარკვეული პრობლემები იყო, ჩვენ ამას ვხედავდით მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, პოლიტიკური მიკერძოებულობაც, პოლიტიკაში ჩარევები, ძირითადად, ხელისუფლების სასარგებლოდ, სხვადასხვა გამონათქვამები და ა.შ. ეს არ იყო პატრიარქის ხელწერა, ეს ძალიან კარგად ჩანდა.
გასაგებია, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, გასაგებია, რომ მიუღებელია, არც მე ვარ მასზე მაღალი წარმოდგენის, მაგრამ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელიც პატრიარქთან ერთად ტანდემში რაღაცას აკეთებდა. ისიც რომ მიეყვანათ პანაშვიდზე, რა მოხდებოდა?! მითუმეტეს აცხადებდნენ, უსაფრთხოების პრობლემა არ იქნებაო. იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში. თითქმის ნახევარი საუკუნე ჩვენი ცოდვების მძიმე ჯვარი ატარა და ჩვენი ცოდვებით დამძიმებული წავიდა სასუფეველში და ის ხალხი, ვისთან ერთადაც ეს ქვეყანა მოიყვანა ავად თუ კარგად, სიმბოლურად იქ უნდა ყოფილიყვნენ“














კომენტარები