პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დათო ფერაძე:
„გასაგებია, რომ პედაგოგს არასაკმარისი ანაზღაურება აქვს და 2012 წლის მერე სულ მაგას გავყვირი და გადავიმტერე ზემდგომები, რომ ასე არ შეიძლებამეთქი; გასაგებია, რომ ამიტომაც გვყავს ე.წ. კერძო მოსწავლეები. ცხადია, მეც მყავს და სხვას რას ვერჩი? ეს პრაქტიკა საზღვარგარეთაც მიღებულია – მინდა დამატებითი მომსახურების ყიდვა და რატომ უნდა ამეკრძალოს?! მაგრამ, ერთი, რომ „ზომა-წონაა“ საჭირო და მეორე:
მეგონა დასრულდა და მგონი, მოუმატებია თავსმოხვეულ რეპეტიტორობას. მიჭირს დაჯერება, რომ პედაგოგი ირიბად აიძულებს მოსწავლეს, მასთან დამატებითი ფასიანი „მზადება“ დაიწყოს. მშობლები ირიბი იძულების სქემასაც ყვებიან: A პედაგოგი ეტყვის დაახლოებით ამგვარად: თქვენ შვილს აქვს უნარები და მონაცემები, მაგრამ დამატებითი მომზადება სჭირდება და უკეთესი შედეგები და „ნიშნები“ ექნება. თუ მშობელი ბოლომდე ვერ მიხვდება ნართაულ რჩევას და B, ანუ სხვა პედაგოგთან წაიყვანს შვილს „უკეთესი შედეგისთვის“ და ამას გაიგებს A პედაგოგი, ვაი მოსწავლის ბრალი: ის იმხელა შეფასებასაც ვეღარ მიიღებს, რასაც მანამდე; თუკი მშობელი მიუხვდება A პედაგოგს და „დამატებითი ფასიანი მომზადებისთვის“ მასვე აირჩევს, მაშინ „უკეთესი შედეგი გარანტირებულია“, ყოველ შემთხვევაში – შეფასების დროს მაინც, შორ პერსპექტივას ვინ დარდობს! ამის გარდა, ეს „ჭკვიანური“ ნაბიჯი სხვა მშობლების წამქეზებელიცაა – აბა, რა გგონიათ?!. დიდი მნიშვნელობა აქვს სახელის გავარდნას: „მაგ მასწავლებელთან თუ დამატებით არ ივლი, ისე ნიშანს არ გაღირსებსო“!
არადა, A ტიპის პედაგოგებს ვერც შეედავები, ვერც იმას დაუმტკიცებ, რომ შეფასების ბერკეტით მანიპულირებს და ირიბად გაიძულებს. ირიბი, აბა, რისი ირიბია?!
მაგრამ, მშობელი რომ ხარ, შენ მაინც დაფიქრდი, როგორი იქნება იმ მასწავლებლის „ღვაწლის“ ნამდვილი შედეგი ან საჯარო სკოლაში, ან მაშინ, როდესაც ასეთი გზით მიტაცებული უამრავი „კერძო“ მოსწავლე ისევ 8-10 წევრიან ჯგუფში ყავს? მაშინ რეპეტიტორის არსი რაღა არის?
გაითვალისწინეთ ეს, მშობლებო და გამოააშკარავეთ თავსმხოვეული რეპეტიტორობის ფენომენიც.“
კომენტარები