საქართველოს ისტორიის დაწერას თუ გადაწყეტ, კალამი სისხლში უნდა ჩააწო….
სწორედ ასეთი მემატიანეები შეგვკრიბა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალმა დირექტორმა, ჩვენმა თანამებრძოლმა გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ!
როგორც იქნა, ვიღაცას გავახსენდით…. 28 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დამთავრებიდან და პირველად დაგვიძახეს, მოგვეფერნენ, გადმოგვცეს საჩუქრები და თანამშრომლობისთვის ხელიც გამოგვიწოდეს!
რამდენი დიდი ხნის უნახავი, ძვირფასი კოლეგა ვნახე…. ჩვენი შახ აივაზოვი, შუქრი დგებუაძე, თენგიზ პაჩკორია, დალი ჯოჯუა, ნანა წითელაშვილი და ა.შ…. ჩვენ ყველა ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით აფხაზეთში, მაშინდელი ტელევიზიის მაშინდელი ჟურნალისტები… ეეეეჰ, რა დრო გასულააა, ბევრი ვერც კი ვიცანი და ბევრმა მეც ვერ მიცნო… ჰოდა, დაგვიძახეს ერთმანეთისთვის ლუკმისგამყოფი, სიცივეში 1 „ადიალის“ ქვეშ დაძინებული ძმები და დები, გავიხსენეთ ჩვენი ობიექტივის წინ განვითარებული ჯოჯოხეთი, ჩვენი გარდაცვლილი კოლეგები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ახალგაზრდებად დარჩნენ ….
ყველაზე დიდი მოთხოვნა ქართველი ჟურნალისტების გადაღებულ კადრებზე იყო…. ჩვენი კამერებიდან იწერდნენ რუსები, ამრიკელები, ფრანგები, გემანელი თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეპორტიორები, რომლებიც ჟურნალისტისთვის ცხელ წერტილში სამუშაო სრული ეკიპირებით ჩამოდიოდნენ და მათ კი ჩვენი შურდათ, მათზე გაცილებით მაგარ და სარისკო კადრებს რომ ვიღებდით…. ფულსაც გვთავაზობნენ, მაგრამ ვინ იყო ამღებიი? სამაგიეროდ სოხუმის დაცემის წინა დღეს, როცა ყველა ჟურნალისტი, სოხუმში, წითელ ხითან რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ბაზაზე, სახელად „პვო“, შეგვრეკეს, ჩვენგან პატივცემულმა უცხოელმა ჟურნალისტებმა, პირადად მე ვიდეოკამერის ბატარეის დატენვის საშუალება არ მომცეს, რუსი ჯარისკაცები გაგვიწყრებიანო… ეეეჰ, რა გულუბრყვილო და სიკეთით სავსე ხალხი ვართ ეს ქართველები?
,,ჩვენმა თაობამ გამოიარა ყველა ის ქარცეცხლი, რაც გამოცდად მოუვლინა საქართველოს უახლესმა ისტორიამ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ქართულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასთან ერთად აიდგა ფეხი და ეს თავისუფლება შეინარჩუნა, ისე, როგორც შესძლო. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც სამშობლოს სადარაჯოზე მრავალი სულიერი თუ ფიზიკური ჭრილობა მიიღო – ერთი კადრითა და ერთი სიტყვით შექმნა ეპოქა. და როცა გეუბნებიან – მადლობა სამსახურისთვის, გრძნობ, ტყუილად არ გიცხოვრია”, – ამ სიტყვებს კონკრეტული ავტორი არ ჭირდება.
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა!
პირველად საქართველოში – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტების მიღება გაიმართა.
”დღეს, თქვენ იმყოფებით იმ ადამიანების ოჯახში, ვისთან ერთადაც, ვინ იცის, რამდენჯერ გაგიყვიათ ჯარისკაცის ტკბილ-მწარე ლუკმა. რამდენჯერ ყოფილხართ მათთან ერთად სანგარში და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაუვლია თქვენს სიცოცხლეზე ომის მთელ ტრაგიზმს. ამიტომ, მინდა, დღეს, მე, ამ დიდი ოჯახის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ_ჩემი სამშობლოს ერთმა, რიგითმა ჯარისკაცმა, თქვენ, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს გითხრათ მადლიერების ის სიტყვები, რომლებსაც მთელს მსოფლიოში ვეტერანებს ეუბნებიან: „მადლობა სამსახურისთვის!”
აქ, ამ დიდ ოჯახში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში თავი მოიყარეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის 1991-93 წლების საბრძოლო მოქმედებების, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა. აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტები გიორგი ფოფხაძე საფრანგეთიდან და ნანა კუხალაშვილი ქუთაისიდან, შეხვედრას ონლაინ დაესწრნენ.
ამონარიდი მამუკა არეშიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან:
“ჩვენ, ჟურნალისტებს, ერთი პატარა სახლი გვქონდა სინორში, იქ ყველაფრის ბატონ -პატრონი მალხაზ კაკოიშვილი იყო, პირველი არხის თანამშრომელი , ოპერატორი. მალხაზი ბაბუსავით იჯდა იმ სახლში და ახალი ჩამოსულებისთვის საჭმელი ჰქონდა შენახული; არყის ულუფაც, ისიც ახალი ჩამოსულებისთვის. როდესაც ჩვენ ჩავედით, მალხაზი დაგვხვდა. დაგვაპურა და მახსოვს ერთი საოცარი კადრი, როდესაც ჭურვი აფეთქდა აივანთან. ზუსტად ამ დროს მალხაზი არყის მოხუფულ ქილას ხსნიდა. დარტყმის ტალღამ ჩვენ ყველანი აქეთ იქით გადაგვაგდო, ცოტა ხატოვნად ვამბობ, რა თქმა უნდა – ჰაერში მივფრინავ და ვხედავ, რომ მალხაზი ისევ ნელა ხსნის ამ არყის ქილას…. დავარდა … ქილა კი ისევ მთელი იყო. არ დამავიწყდება კადრი – მე და გოგა ჭყონია სოფელ შრომაში ვიყავით. დავინახეთ, ტყვეები ყავდათ გამოყვანილი – ქართველები, ჯარისკაცები. ნიჩბები მისცეს, რომ სანგრები გაეთხარათ. ეს კადრი ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება – ერთ-ერთმა სანგრის გათხრა არ მოინდომა და ნიჩაბი გადააგდო. ამის გამო აწამეს. ვხედავდით, მაგრამ ვერაფერს ვშველიდით. ჩვენ თვალწინ დახვრიტეს. მაინც არ აიღო ნიჩაბი. ჩემთვის ეს, ქართველთა ვაჟკაცობის სიმბოლო იყო, მე იქ იმდენი ვაჟკაცობა ვნახე, იმის ნახევარი ერის ენერგიაში რომ იყოს აკუმულირებული, ჩვენ სხვანაირი ქვეყანა გვექნებოდა. სიტყვა უძლურია აღწერო ამ შეხვედრის დეტალები. კადრები ომიდან და დარბაზის მდუმარება. ცრემლები, ცრემლები, ცრემლები. ბრძოლაში მყოფი ჟურნალისტების ბოლო კადრები – წავიდნენ და დაეცნენ! გოგა პოპიაშვილი სიცოცხლის ბუჩქი იყო, ომი იყო – ომში იყო, მიტინგი იყო – მიტინგზე იდგა, როგორც ჟურნალისტი კი არა , ომში – ჯარისკაცად , მიტინგზე – მომიტინგედ. ბარიკადის აგება თუ იყო საჭირო – ააგებდა, საჭირო იყო ქუჩაში აქეთ იქით სირბილი – მალემრბოლელივით დარბოდა, საჭირო იყო ჟურნალისტიკა – დაიწყებდა წერას. როცა ვეკითხებოდი, გოგა, რას აკეთებ რა ამბავში ხარ? „ ქვეყანას ახლა ასე სჭირდება და აქ უნდა ვიყოო”. დამინახავს, რომ ჩემს თითქოს გვერდით მყოფი გოგა უცებ ტანკზე ზის, ვიღაცას ეხმარება, ყველას მოწყენილი სახე აქვს და გოგას – მაინც ღიმილიანი, ჩაიარა ამ ტანკმა და მოდის უკან მანქანა, სადაც სამედიცინო პერსონალია – გოგას სამხედრო ფორმა კი აღარ აცვია, აცვია თეთრი ხალათი და იქ ზის. მისი სიკვდილი უზარმაზარი სიცარიელე იყო”.

„ომი როცა დაიწყო, კვირაობით ვრჩებოდით სოხუმში. სულ იქ ყოფნას ვერ ვახერხებდით, რადგან ფირზე ვიღებდით და გამჟღავნებას სტუდია ჭირდებოდა. ამიტომ უკან ვბრუნდებოდით თბილისში, ვბეჭდავდით, მასალას ვაწვდიდით და ისევ სოხუმში ჩავდიოდით. იქ ყოფნისას გვეშინოდა, ოღონდ მხოლოდ პირველი ნახევარი საათი, სანამ ქალაქში შევიდოდით. შემდეგ უკვე ობიექტივს ვიღებდით ხელში და აღარაფერი გვახსოვდა. ომს თავისი წესები აქვს, რომელიც ყველა ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს – მიკერძოებულობას აქ არავინ გაპატიებს. ვალდებული ხარ, შენი კამერა სიმართლეს ემსახუროს და ფაქტები არ დამალოს. აკრედიტაციას რუსული ჯარების პრესცენტრიც გვაძლევდა და იქეთ მხარესაც გადავდიოდით. მაგრამ თუ ვინმეს შეამჩნევდნენ, რომ რეალურ ფაქტებს არ ასახავდა, მეორედ აღარ უშვებდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი “ომის ჟურნალისტისთვის” სიფრთხილეა. შენ ჯარისკაცი არ ხარ და ეს არ უნდა დაგავიწყდეს. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ტყვიების წვიმაში შევარდნით არათუ კარგ კადრს წამოიღებ, საერთოდაც ვერ გამოხვალ. სწორი ადგილი უნდა შეარჩიო და იქიდან გადაიღო. მნიშვნელოვანია გამორჩეული ჩაცმულობაც. ჯარისკაცს არ უნდა გავდე, როცა ხელში ამხელა ობიექტივი გიჭირავს ისედაც რთული გასარჩევია ფოტოგრაფი ხარ თუ სნაიპერი. და კიდევ ერთი, ომის გადასაღებად წასვლა არ უნდა გინდოდეს, თუ უკვე ნანახი და გამოცდილი არ გაქვს ეს ჯოჯოხეთი” – ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ომის წლებს შახ აივაზოვი.
საქართველოს ტერირიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტები:
ავთანდილ (კუკური) ადანაია
ხუტა ახალაია
დავით ბოლქვაძე
ზურაბ გაგუა
გულიკო გოდოლაძე
გრიგოლ დოლგოპოლოვი
ჯუმბერ ეზუხბაია
ალექსანდრა თათლა
ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი
ალექსანდრე კარაპეტიანი
ალექსანდრე კარტოზია
გურამ მგალობლიშვილი
გიორგი პოპუაშვილი
ფილიპ ჟელსი
პავლე ძიძიგური
გრიგოლ ჭანია
საშა (ალექსანდრე) ბერულავა უგზოუკვლოდ დაკარგული
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები:
გიგა ჩიხლაძე
ალექსანდრე კლიმჩუკი
სტანს ტორიმანსი.
მათ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს სამშობლო და დაიღუპნენ! ეს უბრალოდ სია არაა, არც სტატისტიკა, ეს ხსოვნაა. ხსოვნა, რომელმაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეზოში მემორიალის სახით დაიდო ბინა.
მემორიალური დაფა, წლების წინ, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი სიხარულიძის და ქართველ ჟურნალისტთა ინიციატივით შეიქმნა და ფედერაციის შენობაშივე განთავსდა. ფედერაციის შენობის გაყიდვის შემდეგ, ჟურნალისტთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ჰამლეტ გეგიას თაოსნობით, მემორიალური დაფა, მზიურში, ჟურნალისტთა ფედერაციის ახალ შენობაში გადაიტანეს. გარკვეული დროის შემდეგ, შენობიდან გამოტანილი და ფაქტობრივად, ქუჩაში დადებული მემორიალი, ომის ვეტერანმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია”ობიექტივის” შენობაში გადაიტანა და იქ განათავსა. ორიოდ დღის წინ კი, ომის ვეტერანის, ექსპერტ მამუკა არეშიძისა და ირმა ინაშვილის ძალისხმევით, მემორიალური დაფა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადმოეცა. სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სტუმრებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში, უწყების ეზოში დაიდგმება ახალი მემორიალი, რომელზედაც აფხაზეთში დაღუპულ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები იქნებიან მოხსენიებულნი.
მათ, ვინც გადაურჩნენ მტრის ტყვიას, გენერალმა კობა კობალაძემ მადლობის სიგელი გადასცა.
„მადლობა სამსახურისთვის” – ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს მთელი ცხოვრებაა. ეს არის დაფასება, რომლის მსგავსი დღემდე არც ერთ ეპოქაში, ომის მონაწილე თუ ვეტერანი ჟურნალისტების მიმართ არავის გამოუხატავს. მადლობა ამ დღისთვის კობა კობალაძეს და სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს შორენა სიხარულიძეს!

ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ კოლეგებო, მათ ვისაც უკვე მოგილოცეთ და მათ ვინც ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე მოსვლა ვერ მოახერხეთ რიგი მიზეზების გამო,მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და როგორც კობა კობალაძე დაგვპირდა ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია დიდი თანამშრომლობისა!
ღმერთი ჩვენსკენ!
ირინე გოგოსაშვილი, „ალია“
კომენტარები