საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს, — ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.
„გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი „ნიურნბერგი“ ლუკა ლოჩოშვილის შეძენასთან ახლოსაა“, — წერს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი.
ქართველი მცველი იტალიაში 2022 წელს ჩავიდა — ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა. იტალიური კლუბის მაისურით მან 61 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2024 წლის ზამთარში ლოჩოშვილი იჯარით „სალერნიტანაში“ გადაბარგდა და გუნდის რიგებში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე მონაწილეობდა. ის მოედანზე ოთხივე მატჩში გამოჩნდა და 170 წუთი ითამაშა.
ფეხბურთელს იტალიურ „კრემონეზესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და მის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. Geo Team-ის ცნობით, „ნიურნბერგი“ ლოჩოშვილთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, შემდეგ კი მხარეებს მისი ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.
კომენტარები