,,ლელო ძლიერი საქართველო” ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა: ,,მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, რომელიც ზუსტად ასე იყო გასაიდუმლოებული”
,,ირაკლი კობახიძე არაბიზაციის ბუნდოვან პროექტს დღეს ანაკლიის პორტის პროექტს ადარებს, რაც სრულიად კომიკურია!
შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ანაკლიის პროექტი, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და მეორე მხრივ კერძო დეველოპერთან გაფორმებული პროექტი, რომელიც სერიოზულ კითხვებს და რისკებს აჩენს ამავე ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, მათ შორის ეკონომიკის, დემოგრაფიის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ანაკლიის შემთხვევაში ყველა ინვესტიცია რომელიც შემოდიოდა, მტკიცდებოდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ცნობილი იყო ყველა დეტალი, მათ შორის დამფუძნებელიც, ინვესტიციაც და პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ქართული ეროვნული ინტერესისთვის.
არაბული პროექტის შემთხვევაში რა არის ცნობილი?- არაფერი! კონტრაქტი გასაიდუმლოებულია და არცერთ კრიტიკულ კითხვაზე საზოგადოებას არ აქვს პასუხი.
ასევე, ანაკლიის კონტრაქტი
კონსორციუმმა ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად მოიგო 12 მონაწილეს შორის. რა ტენდერში გაიმარჯვეს არაბებმა? – არანაირში!
ანაკლიის ტენდერის პირობები ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. არაბულ მხარესთან დადებული კონტრაქტიდან რა არის ცნობილი? – არაფერი!
ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საბოლოოდ, ანაკლიის პორტის 100-ვე % გადაეცემოდა ქართველ ხალხს და სახელმწიფოს სრულ მფლობელობაში იქნებოდა!
არაბული პროექტის შემთხვევაში წინასწარ გაცხადებულია, რომ მიწა და მასზე აშენებული უძრავი ქონების მინიმუმ 60% უცხოელებზე, მათ შორის არაბებზე გასხვისდება.
ყველაფერთან ერთად, ეს კონტრაქტი ქართული მხარისთვის კომერციულადაც არამომგებიანია!
ისმის ორი კითხვა:
1. რატომ უმალავს ე.წ. მთავრობა ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვ.მ ქართულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება?!
2. ქართულ ბანკებში ჩაირიცხა თუ არა არაბული 67%-იანი წილის შესაბამისი 1.2 მილიარდი, 600 მილიონის ღირებულების ქართული ინვესტიციის საპირწონედ?
კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!
პ.ს.
ასე რომ დაეცვათ ამერიკული ინვესტიცია, როგორც არაბულს იცავენ, ანაკლიაში დღეს პორტიც გვექნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და უსაფრთხოების გარანტიაც!“














კომენტარები