„კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი შეგნება, პასუხისმგებლობა და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. ამ გზით ჩვენ ვიცავთ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების ყველაზე ძვირფას განზომილებას – სიცოცხლეს”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს.
“ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის უფლება ამ ქვეყანას არ გააჩნია. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპების არსებობის პირობებში უაღრესად მძიმე შედეგებამდე მისვლა გარდაუვალია. ერთი მხრივ, ამ ტიპის პროგნოზების მოსმენა და მეორე მხრივ, უმოქმედობა ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული შენი თანამოქალაქეებისა და შენი ქვეყნის წინაშე.
ეს ყველაფერი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობა. თუმცაღა, დღეს, საჭიროა, გამოვუცხადოთ ბევრად უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს, ვინაიდან საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ვალდებულებასა და უკიდურეს საჭიროებას.
მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, წამახალისებელი მექანიზმები თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩქარებული ვაქცინაციისათვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია სავალდებულო ზომების შემოღება, ვინაიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ არის საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად“, – აღნიშნავს სოფო ფხაკაძე.
კომენტარები