ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში.
„დარტყმა, რომელმაც ნასრალას ლიკვიდაცია მოახდინა, განხორციელდა კონფლიქტის ფართო კონტექსტში, რომელიც დაიწყო „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტით, 2023 წლის 7 ოქტომბერს. ნასრალამ მეორე დღეს მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, ხელი ჩაეჭიდა „ჰამასისთვის“ და გაეხსნა, როგორც მან უწოდა, “ჩრდილოეთის ფრონტი” ისრაელის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფისგან.
„მე მივმართე თავდაცვის მინისტრს, კიდევ უფრო გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვითი პოზიცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაკავებლად და უფრო ფართო რეგიონული ომის რისკის შესამცირებლად“, – აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, აშშ-ის მიზანია კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით დეესკალაცია როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში.
„ღაზაში ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ლიბანში ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც ადამიანებს უსაფრთხოდ დააბრუნებს საკუთარ სახლებში ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში. დროა გაფორმდეს ეს შეთანხმებები, აღმოიფხვრას საფრთხეები ისრაელისთვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონმა მეტი სტაბილურობა მოიპოვოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა, რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
კომენტარები