არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნების ხელახლი გადათვალის შედეგებს ასაჯაროებს
სპეციალურ ბრიფინგზე ISFED-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ია.
მათი თქმით, იანვრის პირველ ნახევარში გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი).
“საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ბაია პატარაია ამბობს, რომ PVT-ის უბნები საიდუმლოა, თუმცა მზად არიან, გამონაკლისის სახით, მაინც დეტალურად გაიარონ ცესკოსთან, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან.
“ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა შეკითხვამ ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენმა გამგეობამ გადაწყვიტა, ხელახლა გადაგვეთვალა ყველა PVT უბანი, სულ 850 და შემიძლია გითხრათ, რომ მეტობის დისბალანსი შეადგენს 8%-ს, როგორც ეს ადრე ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ”, – თქვა ბრიფინგზე “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა.
“სამართლიანი არჩევნებმა” საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
“სამართლიანი არჩევნების” ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
კომენტარები