„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ამის შესახებ 16 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვისას გახდა ცნობილი.
“ოცნების” განმარტებით, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ გაკეთებული მოწოდებები, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:
- „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ,
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ,
- საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ.
და თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატიურად“ და „საჯაროდ“.
“გთავაზობთ, რომ 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ. თუ ამ ნაწილით გაგათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართული საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის აღქმის დამკვიდრებისკენ, სასჯელის სახით, გთავაზობთ გამოყენებული ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400- დან 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით. ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში ისჯება ჯარიმით, ან ლიკვიდაციით.
მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი, სასამართლოში როდესაც დადასტურდება შესაბამისი მტკიცების სტანდარტით, რომ ჩადენილია ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახით”- თქვა კომიტეტზე არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხია „სისტემურობა, სისტემატიურობა და საჯაროობა“.
„ერთი პირის მიერ გამოხატული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად“, – განაცხადა მან.














კომენტარები